„ევროპელი სოციალისტები“ - პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით ვაგრძელებთ
„ევროპელი სოციალისტები“ - პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით ვაგრძელებთ

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ არ ეთანხმებიან 17 იანვარს ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს იმის შესახებ, რომ პარტიას რეგისტრაციის მოწმობა არ აქვს და ეს რამენაირად აფერხებს მათ საქმიანობას კონსტრუქციული ოპოზიციის საქმიანობის ჭრილში. ამის შესახებ პარტია განცხადებას ავრცელებს.

„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდა ამა წლის 9 იანვარს „საქართველოს ორგანული კანონის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონის სრული დაცვით. ყრილობაზე მოხდა პარტიის წესდების მიღება და ყველა საჭირო დოკუმენტების ნოტარიუსის მიერ დამოწმება“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

მათივე თქმით, პოლიტიკური პარტია აგრძელებს თავის საქმიანობას და საჯარო რეესტრში შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ მოხდება პარტიის საბოლოო რეგისტრაცია.

„ამა წლის 15 იანვარს პარტიამ საჯარო რეესტრში წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია პარტიის ოფიციალურად რეგისტრაციისათვის. აქედან გამომდინარე, საჯარო რეესტრი განიხილავს მიღებულ დოკუმენტაციას და დადგენილი წესით განიხილავს პარტიის რეგისტრაციის საკითხს. პარტიას საჯარო რეესტრის მხრიდან რაიმე ხარვეზის შესახებ შეტყობინება არ მიუღია“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ევროპელი სოციალისტების“ წევრები აცხადებენ, რომ მათი პოლიტიკური მოღვაწეობა წარიმართება კონსტრუქციული ოპოზიციის სახით.

„ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური საქმიანობა როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე მის გარეთ, იქნება კონსტრუქციული ოპონირება ხელისუფლებასთან ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა, უპირველესად, სოციალური საკითხების დროულად გადაჭრა. ვიმედოვნებთ, აღნიშნული არ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი პარტია „ევროპელი სოციალისტების“ საჯარო რეესტრში ოფიციალურად დასარეგისტრირებელად“, – აღნიშნულია განცხადებაში.