ევროპელი ლიდერები ესპანეთში სარკინიგზო ავარიის გამო სამძიმარს გამოთქვამენ
ევროპელი ლიდერები ესპანეთში სარკინიგზო ავარიის გამო სამძიმარს გამოთქვამენ.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მომხდარს საშინელებას უწოდებს და დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებსა და სამაშველო ოპერაციაში ჩართულ ადამიანებს თანაგრძნობას უცხადებს.
„ესპანელ ხალხს ვუცხადებ საფრანგეთის სოლიდარობას“, – წერს მაკრონი.
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აღნიშნავს, რომ კატასტროფის შესახებ ინფორმაციის გამო გაოგნებულია.
„ჩვენ ვგლოვობთ ესპანელ მეგობრებთან და ყველასთან ერთად, ვინც საყვარელი ადამიანი დაკარგა. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს მერცი.
შემთხვევას ეხმაურება იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონიც.
„ჩემი და მთელი ჩვენი მთავრობის ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთან, დაშავებულებთან და სამაშველო სამუშაოებში ჩართულ ადამიანებთან არის“, – აღნიშნავს მელონი.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა მწუხარებას იზიარებს, დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს და სამაშველო სამსახურებს შრომისთვის მადლობას უხდის.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი კაია კალასი სამძიმარს უცხადებს ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ხოსე მანუელ ალბარესს.
„ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთან და ახლობლებთანაა. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას და ყველა დაზარალებულს სიძლიერეს ვუსურვებ“, – წერს კალასი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი თემთა პალატაში გამოსვლისას ესპანეთს მხარდაჭერას დაჰპირდა. მისი თქმით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს პირადად დაუკავშირდა, რათა სამძიმარი გამოეხატა.
ცნობისთვის, მადრიდისა და სამხრეთ ანდალუსიის დამაკავშირებელ ხაზზე ორი მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს. დაღუპულია, სულ მცირე, 68 ადამიანი. მიმდინარე წლის იანვარში ესპანეთის სამხრეთ ნაწილში კიდევ ერთი მასშტაბური სარკინიგზო ავარია მოხდა.