ევროპელი დიპლომატები ირანს მოუწოდებენ, უარი თქვას გამდიდრებული ურანის მარაგების გაზრდაზე
ევროპელი დიპლომატები ირანს მოუწოდებენ, უარი თქვას გამდიდრებული ურანის მარაგების გაზრდაზე

საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის მთავარი დიპლომატი შეშფოთებულები არიან ირანის განცხადებით გამდიდრებული ურანის მარაგების გაზრდის შესახებ. ამის შესახებ ნათქვამია ევროპელი დიპლომატების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და ევროკავშირის განცხადებაშია აღნიშნული, ბირთვული შეთანხმების შენარჩუნება დამოკიდებულია ირანის მიერ მისი პირობების სრულად შესრულებაზე.

„ჩვენ ვწუხვართ ირანის ამ გადაწყვეტილების გამო, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ბირთვული გაუვრცელებლობის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს“, – ნათქვამია განცხადებაში.

საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი მოუწოდებენ ირანს, უარი თქვას გამდიდრებული ურანის მარაგების გაზრდაზე და თავი შეიკავოს მომდევნო ნაბიჯებისგან, რომლებიც ბირთვულ შეთანხმებას ძირს უთხრიან.

პირველ ივლისს ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ირანში გამდიდრებული ურანის მარაგმა ბირთვული შეთანხმებით დაშვებულ რაოდენობას გადააჭარბა. ამგვარად, 3,67 პროცენტამდე გამდიდრებული ურანის რაოდენობამ ირანში 300 კილოგრამს გადააჭარბა. სწორედ 300 კილოგრამიანი ზღვარი იყო დაწესებული ირანსა და საერთაშორისო ექვსეულს შორის მიღწეული ბირთვული შეთანხმებით.

მაისში ირანმა განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილის შესრულებას წყვეტს. მანამდე, ერთი წლით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა და თეირანის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა.