ევროპელ ავტორთა გაერთიანება Kogge-მ წლევანდელი ლიტერატურული ჯილდო ირმა შიოლაშვილს მიანიჭა
ევროპელ ავტორთა გაერთიანება Kogge-მ წლევანდელი ლიტერატურული ჯილდო ირმა შიოლაშვილს მიანიჭა

ევროპელ ავტორთა გაერთიანება Kogge-მ ყოველწლიური ლიტერატურული ჯილდო 2020 წელს ქართველ პოეტს, ირმა შიოლაშვილს მიანიჭა. ინფორმაციას პოეტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

პრემია ყოველწლიურად ერთ თანამედროვე ავტორზე გაიცემა. დაჯილდოება 4 ოქტომბერს, ნიურნბერგთნ ახლოს მდებარე ქალაქ შტაინში გაიმართება.

შიოლაშვილის ინფორმაციით, გადაწყვეტილება გაერთიანებამ მისი აქტიური სამწერლო მოღვაწეობისა და გერმანიაში ჩატარებული არაერთი ლიტერატურული საღამოსა და ვორკშოპის გამო მიიღო. 2019 წელს ქართველი ავტორი გერმანიის მწერალთა კავშირის 50 წლის იუბილეზეც იყო მიწვეული.

ირმა შიოლაშვილი რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორია: „არარსებული სიტყვა“(მერანი,1992) „მოლურჯო თაღი“(მეცნიერება,1996 ქართულ-რუსული გამოცემა), „ცრემლის ნაფეხური“(მერანი, 2003), „ფოთლების ხიდი“ (საარი,2009), „ორშაბათი“(საუნჯე,2013).

ირმა შიოლაშვილის ლექსები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ ენებზე და შესულია არაერთ უცხოენოვან ანთოლოგიაში.

2011 წელს გერმანიაში გერმანულ ენაზე გამოიცა მისი წიგნი „ფოთლების ხიდი“ (“Eine Brücke aus bunten Blättern”, Kaukasische Bibliothek, Band 3. POP Verlag, Deutschland)., ხოლო 2018 წელს გამოიცა მეორე წიგნი „თავდაყირა“ *(„Kopfüber“, Kaukasische Bibliothek, Band 19. POP Verlag, Deutschland).

არის ევროპელ ავტორთა გაერთიანება Kogge-სა და გერმანიის მწერალთა კავშირის წევრი.

1999 წლიდან დღემდე ბონის სამოქალაქო რადიო LoCom-ში უძღვება გადაცემათა ციკლს „სარკმელი საქართველოსკენ“. მუშაობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) დოცენტად.