„ევროპეისკაია პრავდა“ - უნგრეთი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-17 პაკეტის მიღებას, რომელიც შესაძლოა, 2025 წლის მაისში დამტკიცდეს
„ევროპეისკაია პრავდა“ - უნგრეთი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-17 პაკეტის მიღებას, რომელიც შესაძლოა, 2025 წლის მაისში დამტკიცდეს

უნგრეთი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-17 პაკეტის მიღებას, რომელიც შესაძლოა, 2025 წლის მაისში დამტკიცდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ ბრიუსელში ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკავშირის დიპლომატებმა გამოცემასთან ანონიმურობის პირობით საუბრისას აღნიშნეს, რომ უნგრეთის მხრიდან ვეტოს მუქარის არარსებობა საშუალებას მისცემს ევროკავშირს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი ძალიან სწრაფად, უკვე 2025 წლის მაისში დამტკიცდეს.

„6 მაისს კორეპერის ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის შეხვედრაზე ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის პროექტი წარადგინა. განხილვა საკმაოდ დადებითი იყო. როგორც ჩანს, უნგრეთი ამ პაკეტის მიღებას არ ეწინააღმდეგება“, – განუცხადა ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის დიპლომატმა უკრაინულ გამოცემას.

დიპლომატის განმარტებით, უნგრეთი სანქციების ახალ პაკეტს არ ეწინააღმდეგება, რადგან ის შეზღუდვებს ძირითადად აწესებს იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც ბუდაპეშტისთვის პრობლემური არ არის და პაკეტი არ შეიცავს რამე სადავო პოზიციებს.

ამასთან, კიდევ ერთი დიპლომატი მიიჩნევს, რომ ანალოგიური მოქმედება უნგრეთის მხრიდან მოსალოდნელი არ არის ივლისში სანქციების გახანგრძლივებაზე გადაწყვეტილების მიღებისას.

„ეს უკვე სულ სხვა ისტორია იქნება“, – აღნიშნავს დიპლომატი გამოცემასთან.