„ევროპეისკაია პრავდა“ - სააკაშვილის ახალი მარცხი, რატომ არ იმუშავა საქართველოში ოპოზიციის ულტიმატუმმა
„ევროპეისკაია პრავდა“ - სააკაშვილის ახალი მარცხი, რატომ არ იმუშავა საქართველოში ოპოზიციის ულტიმატუმმა

საქართველოში ოპოზიციის ულტიმატუმმა არ იმუშავა, რაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის მორიგ მარცხად შეიძლება, ჩაითვალოს, – ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ წერს.

პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, რომ „2 თებერვალი, როდესაც საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნა, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასაწყისი უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს არ მოხდა“.

„მმართველი პარტიის დეპუტატებმა არ დაუჭირეს მხარი საკუთარი მუქარის რეალიზაციას. კოლეგა ოპოზიციონერებისთვის მანდატების გაუქმების საკითხზე გამართული კენჭისყრის დროს ყველა მათგანმა „თავი შეიკავა“. თუმცა, ეს არ იქცა ოპოზიციის გამარჯვებად, რომელსაც სათავეში საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უდგას. შეიძლება ითქვა, რომ პირიქით მოხდა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ „ოპოზიციის ულტიმატუმი, რომლის შედეგადაც საქართველოში პარლამენტი შეიძლებოდა, ერთპარტიული ყოფილიყო, მთავრობის ნერვიულობის მიზეზი მაინც გახდა“.

„ამის გამო მმართველი პარტიის წევრები აგრძელებდნენ კონსულტაციებს ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობით და ამავე დროს ეძებდნენ გზას, რომ პარლამენტში ოპოზიციის ნაწილი მაინც დარჩენილიყო და მათ ეს გამოუვიდათ“, – ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საგაზაფხულო სესიის გახსნაში მონაწილეობა მიიღო 90-მა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან და ექვსმა ოპოზიციონერმა.

„ბოიკოტის ინიციატორის სტატუსი არ აძლევს „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში დაბრუნების საშუალებას ისე, რომ მათ სახე შეინარჩუნონ. ამას ემატება ისიც, რომ ბოლო თვეებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ურთიერთობა დასავლეთთან მნიშვნელოვნად გაუარესდა. ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების კრიტიკამ, რომლებიც თითქოსდა ხელისუფლებას უჭერდნენ მხარს მოლაპარაკებებზე, ნამდვილად არ გააძლიერა პარტიის საერთაშორისო პოზიციები“, – ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციის ავტორის მტკიცებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხისტი დაპირისპირება ხელისუფლებასთან პარტიის რეიტინგზე დადებითად არ ასახულა“.

„CRRC Georgia-ს მიერ დეკემბერში ჩატარებული კვლევებით, სააკაშვილის პარტია მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პოლიტიკურ ძალად ქართველების მხოლოდ ხუთმა პროცენტმა დაასახელა, მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ 31 პროცენტი ასახელებს. პარლამენტის მშვიდ მუშაობას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე, სააკაშვილის რეიტინგების საბოლოო დასამარება შეუძლია, თუ რა თქმა უნდა სახელისუფლებო პარტია კიდევ ერთხელ არ დაუშვებს შეცდომებს, რომლებიც ახალ მასშტაბურ პროტესტს გამოიწვევს“, – წერია სტატიაში.