ევროპაში ფერმერთა საპროტესტო გამოსვლების საპასუხოდ, ევროკომისიამ კლიმატურ და გარემოსდაცვით ზომებთან დაკავშირებული შეღავათები წარადგინა
ევროპაში ფერმერთა საპროტესტო გამოსვლების საპასუხოდ, ევროკომისიამ კლიმატურ და გარემოსდაცვით ზომებთან დაკავშირებული შეღავათები წარადგინა

ევროპაში ფერმერთა საპროტესტო გამოსვლების საპასუხოდ, ევროკომისიამ კლიმატურ და გარემოსდაცვით ზომებთან დაკავშირებული შეღავათები წარადგინა.

ფერმერები, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა, საპროტესტო აქციებს მართავენ, აცხადებენ, რომ ევროკომისიის მიერ ინიცირებული საწვავის სუბსიდიების შემცირება, ასევე გარემოსდაცვითი რეგულაციები, რომლებიც მიმართულია კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად, მათ საქმიანობას მძიმე ტვირთად აწვება და ფინანსურად აზარალებს.

„ამ საკანონმდებლო ინიციატივების მთავარი მიზანია, კიდევ უფრო შეამსუბუქოს ადმინისტრაციული ტვირთი ევროკავშირის ფერმერებისთვის და უზრუნველყოს ისინი და წევრი სახელმწიფოები უფრო მეტი მოქნილობით გარკვეული ეკოლოგიური პირობების დაკმაყოფილებაში“, – ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა ადაპტირდება ცვალებად რეალობასთან.

ფერმერები, რომელთა დემონსტრაციები განსაკუთრებით მასშტაბურია საფრანგეთში, გერმანიასა და პოლონეთში, ამბობენ, რომ ევროკავშირის მიერ სხვა ქვეყნებთან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები ქმნის არასამართლიან კონკურენციას საზღვარგარეთიდან შესულ პროდუქციასთან.

ევროკომისიის მიერ წარდგენილი შეთავაზების მიხედვით, შემსუბუქდება გარემოსდაცვითი რეგულაციები თესლბრუნვასთან, მიწის ნიადაგის დაცვასა და ნიადაგის დამუშავების მეთოდებთან დაკავშირებით. მცირე ფერმერები, რომლებიც განსაკუთრებით აქტიური არიან საპროტესტო მოძრაობაში, გათავისუფლდებიან გარკვეული კონტროლის ზომებისა და ჯარიმებისგან.

როგორც მედია წერს, ევროკომისია ცდილობს, ფერმერთა მღელვარება ევროპარლამენტში არჩევნებამდე ჩააცხროს.

ევროკომისიის შეთავაზება ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა დაამტკიცონ. ევროკავშირის სოფლის მეურნეობის მინისტრები წარდგენილ წინადადებას 26 მარტს, ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ.