ევროპარლამენტში საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით რეზოლუციის რამდენიმე პროექტია მომზადებული
დღეს ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხზე, ძირითადად მზია ამაღლობელის საქმეზე, დებატები გაიმართება.
დებატებზე შვიდი პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული რეზოლუციები განიხილება, ხოლო კენჭისყრა ხვალ, 19 ივნისისთვის არის დაგეგმილი.
შვიდი პოლიტიკური ჯგუფიდან ექვსი საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს, ხოლო ევროპარლამენტარებმა, პეტრ ბისტრონმა, ტომაშ ფროელიხმა, ჰანს ნოიჰოფმა და ალექსანდერ სელმა, „სუვერენულ სახელმწიფოთა ევროპის“ ჯგუფის სახელით, ალტერნატიული რეზოლუცია წარადგინეს საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის საკითხზე.
ერთ-ერთი რეზოლუციის ავტორია „ევროპის სახალხო პარტია“. მათი რეზოლუცია ითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას. რეზოლუცია „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს „სისტემურ თავდასხმაში“ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ამასთან, რეზოლუცია ითხოვს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების დაწესებას; მათე დევიძის, ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას;
„ლიბერალების“ (Renew Europe) ჯგუფი ასევე ითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ყველა ბრალდების მოხსნას. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ამაღლობელის საქმე ხელისუფლების მხრიდან მართლმსაჯულების სისტემის ბოროტად გამოყენების მაგალითია, რათა დაისაჯოს ჟურნალისტი კორუფციის მხილებისა და 2024 წლის არჩევნების გაყალბების შესახებ რეპორტაჟებისთვის. პროექტის ავტორები მოითხოვენ დაკავებული დემონსტრანტებისა და ოპოზიციის ლიდერების, მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიას, აგრეთვე მათე დევიძის გათავისუფლებას; ბიძინა ივანიშვილის, მოსამართლეებისა და უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ პირადი სანქციების, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისა და აქტივების გაყინვის დაწესებას. პროექტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი არ აღიარებს ამჟამინდელ პრეზიდენტსა და ერთპარტიულ პარლამენტს.
ანალოგიური მოთხოვნებია „სოციალ-დემოკრატების“ (S&D), „კონსერვატორების“ და „მემარცხენე ჯგუფის“ ჯგუფის მიერ მომზადებულ პროექტებში.
ამასთან, „მემარცხენეთა“ ჯგუფი ხაზს უსვამს ვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულების შენარჩუნების საჭიროებას.
„ევროსკეპტიკოსთა ჯგუფის“ (ESN) მიერ მომზადებულია რეზოლუციის ალტერნატიული პროექტი. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, ჩატარდა ეროვნული და საერთაშორისო იურიდიული სტანდარტების ფართო შესაბამისობით, ქართველმა ხალხმა მკაფიო არჩევანი გააკეთა ახალი ხელისუფლების მიმართ. გარდა ამისა, გამოთქმულია შეშფოთება „ოპოზიციის მოქმედებებში უცხოელი აქტორების აქტიური ჩართულობის შესახებ“, რომლებიც მიზნად ისახავენ არჩეული ხელისუფლების დამხობას არაკონსტიტუციური საშუალებებით. ასევე, აღნიშნულია, რომ საქართველოს ონლაინ მედიაგარემო მრავალფეროვანია და ფართო სპექტრის საკითხებზე კონტენტი ხელმისაწვდომია, ასევე ონლაინ გარემო თავისუფალია.