ევროპარლამენტში პედრო აგრამუნტის დასჯა მოითხოვეს
ევროპარლამენტში პედრო აგრამუნტის დასჯა მოითხოვეს

ევროპარლამენტში ბაქოს ინტერესების ლობირებაში მხილებული ევროპელი პოლიტიკოსების დასჯა მოითხოვეს. პარლამენტარები ასევე ითხოვენ აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

ერთ-ერთი პოლიტიკოსი, რომლის წინააღმდეგაც სათანადო ზომების მიღებას ევროდეპუტატები ითხოვდნენ, ესპანელი დეპუტატი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი პედრო აგრამუნტია.

როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, ევროპარლამენტში ბაქოს წინააღმდეგ კრიტიკის მიზეზი ბლოგერ მეჰმან ჰუსიენოვის საქმე გახდა. აზერბაიჯანის მთავრობის მიმართ ხისტი განცხადბებით 20-ზე მეტი ევროდეპუტატი გამოვიდა. ისინი აცხადებენ, რომ ბაქო უკვე წლებია არ ასრულებს ვალდებულებებს და უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს.

მათივე თქმით, აუცილებელია ყველა იმ ევროპელი პოლიტიკოსისა და მაღალჩინოსნის დასჯაც, რომლებიც ბაქოს ინტერესების ლობირებაში არიან მხილებულნი.

ევროდეპუტატებმა დაპატიმრებული ბლოგერის, მეჰმან ჰუსეინოვის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.

განხილვის ბოლოს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ბაქოს მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებია დაგმობილი.