ევროპარლამენტში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დელეგაცია განცხადებას ავრცელებს - ევროკავშირის პროვოკაციებმა აიძულა საქართველო, ბოიკოტი გამოეცხადებინა ევრონესტის კონფერენციისთვის
ევროპარლამენტში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დელეგაცია განცხადებას ავრცელებს - ევროკავშირის პროვოკაციებმა აიძულა საქართველო, ბოიკოტი გამოეცხადებინა ევრონესტის კონფერენციისთვის

ევროკავშირის პროვოკაციებმა აიძულა საქართველო, ბოიკოტი გამოეცხადებინა სომხეთში ევრონესტის საერთაშორისო კონფერენციისთვის. ამის შესახებ აღნიშნულია ევროპარლამენტში ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დელეგაციის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროპარლამენტარმა, პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა, ირმჰილდ ბოსდორფმა აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ევროკავშირს დააკისრა და სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებების მიმართ პატივისცემა მოითხოვა.

განცხადების თანახმად, „ევრონესტის საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მიზანია ევროპარლამენტისა და სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ეროვნული პარლამენტების დეპუტატების გაერთიანება, ერევანში 27-30 ოქტომბერს გაიმართა. საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, ბოიკოტი გამოეცხადებინა კონფერენციისთვის ევროპარლამენტის მხრიდან არასაჭირო პროვოკაციების გამო“.

„მაშინ როდესაც ევროპარლამენტი ამტკიცებს, რომ ეს თავად საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო, ევროპარლამენტის მცირე ჯგუფმა გადაწყვიტა, დახურულ კარს მიღმა მიეწვია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მემარცხენე-ლიბერალური ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. საბოლოო ჯამში, სწორედ ამ მიდგომამ გამოიწვია ბოიკოტი“, – აცხადებს ევროპარლამენტში „სუვერენულ ერთა ევროპის“ ჯგუფის დეპუტატი, ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი ირმჰილდ ბოსდორფი.

განცხადების თანახმად, „წერილში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ „ევრონესტმა უნდა დასვას კითხვა: ნამდვილად ამყარებს თუ არა მისი ამჟამინდელი კურსი რეგიონულ თანამშრომლობას თუ წვავს თანამშრომლობის ხიდებს? მისი ზედმეტად პოლიტიზებული მიდგომა ძირს უთხრის ასამბლეის ავტორიტეტს და ევროკავშირსა და მასთან ასოცირებულ სახელმწიფოებს შორის უფრო ფართო პარტნიორობის მთლიანობას“.

„საერთაშორისო ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს პრაგმატიზმს, სხვა ხალხებისა და ქვეყნების გადაწყვეტილებების პატივისცემას და არა მემარცხენე-ლიბერალურ შეხედულებებს, რომელთა ყველგან თავს მოხვევას არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით ევროკავშირი ცდილობს“, – ნათქვამია ირმჰილდ ბოსდორფის განცხადებაში.