ევროპარლამენტმა საქართველოში ე.წ. ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორებად მირიამ ლექსმანი და მარინა კალიურანდი დანიშნა
ევროპარლამენტმა საქართველოში ე.წ. ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორებად მირიამ ლექსმანი და მარინა კალიურანდი დანიშნა

ევროპარლამენტმა საქართველოში ე.წ. ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორებად ევროდეპუტატები მირიამ ლექსმანი და მარინა კალიურანდი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის „ტვიტერის“ გვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული ლექსმანი და კალიურანდი, გერმანელ ევროდეპუტატ ვიოლა ფონ კრამონთან ერთად ხელს შეუწყობენ დიალოგს და დემოკრატიული საპარლამენტო კულტურის გაუმჯობესებას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში ე.წ. ჟან მონეს დიალოგის დაწყებას ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს.

„ჟან მონეს დიალოგი“ ევროპარლამენტის მიერ მშვიდობისა და დემოკრატიისათვის შემუშავებული ინსტრუმენტია, რომელიც საპარლამენტო მედიაციასა და დიალოგს აერთიანებს.

აღნიშნული ფორმატი ითვალისწინებს პოლიტიკური ლიდერების დიალოგს, რათა მათ კონსენსუსს მიაღწიონ ეროვნული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

ევროპარლამენტმა „ჟან მონეს დიალოგის“ მეთოდი პირველად 2016 წელს, უკრაინის რადასთან თანამშრომლობის ფარგლებში გამოიყენა.