ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში დაამტკიცა
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის პროექტი დაამტკიცა. ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსის მიერ მომზადებულ დოკუმენტს კომიტეტის 43-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი შვიდი იყო.
მანამდე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა ანგარიშის პროექტში შესატან შესწორებებს უყარეს კენჭი.
ანგარიშში შეფასებულია საქართველოსთან ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების შესრულების დონე. ანგარიში მომზადდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ასევე ევროკომისიის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურისა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან შეხვედრების საფუძველზე.
როგორც დოკუმენტის შემაჯამებელ ნაწილშია აღნიშნული, ანგარიში დადებითად აფასებს ასოცირების შეთანხმების შესრულებას. ამასთან, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადაჭრას არსებული პრობლემები, რომლებიც უკავშირდება შრომით უფლებებს, გარემოს დაცვას, ასევე მოწყვლადი ჯგუფებისა და ქალების წინააღმდეგ დისკრიმინაციას. ანგარიშში გამოთქმულია ევროპარლამენტის მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს რეფორმების პროცესში.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 30 აგვისტოს საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინეს.
კომიტეტში ანგარიში მომხსენებლის, ანდრეი მამიკინსის სახელით ევროპარლამენტარმა კლერ მუდიმ წარადგინა. მისი განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში აჩვენებს, რამდენად შორს წავიდნენ ქართველები ევროინტეგრაციის გზაზე.