ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა კიევში ჩავიდა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა კიევში ჩავიდა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა კიევში უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერს, რუსლან სტეფანჩუკს შეხვდა.

„უკრაინელების სიმტკიცემ და სიმამაცემ მთელი მსოფლიო შთააგონა. მე კიევში ვიმყოფები, რათა იმედის გზავნილი გადავცე უკრაინას. ჩვენ თქვენთან ვართ“, – წერს რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ამასთან, რობერტა მეცოლამ და რუსლან სტეფანჩუკმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ დღეს ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. როგორც მეცოლამ ბრიფინგზე აღნიშნა, ევროპარლამენტი დაეხმარება უკრაინას ქალაქების აღდგენაში, „როდესაც ეს უკანონო, არაპროვოცირებადი და არასაჭირო ომი დასრულდება“.

„ნება მიბოძეთ, დაგპირდეთ სამი რამ. პირველ ყოვლისა, პუტინის კრიმინალური ინტერვენცია თქვენს ქვეყანაში რუსეთს ევროპასთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან და წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგთან პირდაპირ კონფრონტაციაში აყენებს. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ მან წინააღმდეგობის გარეშე გააკეთოს. მეორე – ევროკავშირი აღიარებს თქვენი ქვეყნის ევროპულ ამბიციებსა და თქვენს მისწრაფებას, გახდეთ წევრობის კანდიდატი ქვეყანა. თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ევროპარლამენტის სრული მხარდაჭერის იმედი ამ მიზნის მიღწევაში. მესამე – ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ქალაქების აღდგენაში, როდესაც ეს უკანონო, არაპროვოცირებადი და არასაჭირო ომი დასრულდება. ჩვენ უკვე აღმოგიჩინეთ ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება. ეს გაგრძელდება და გაიზრდება. ჩვენ ვიზრუნებთ თქვენს ოჯახებზე, რომლებიც იძულებულები გახდნენ, ქვეყნიდან გაქცეულიყვნენ. ეს მოხდება იქამდე, ვიდრე ისინი უსაფრთხოდ არ დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში და არ აღადგენენ თავიან ცხოვრებას“, – განაცხადა მეცოლამ სტეფანჩუკთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

ამასთან, როგორც სტეფანჩუკმა განაცხადა, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დღის წესრიგში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

„ეს არის სანქციები რუსეთის ინტერვენციისთვის; ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება, რომლის შეთავაზებაც ევროკავშირსა და მის წევრებს უკრაინისთვის შეუძლიათ და რომელიც უკვე აღმოუჩინეს უკრაინას, ასევე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება, წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.