ევროპარლამენტის მომხსენებელი ანდრეს მამიკინსი საქართველოს პარლამენტში გამართავს შეხვედრებს
ევროპარლამენტის მომხსენებელი ანდრეს მამიკინსი საქართველოს პარლამენტში გამართავს შეხვედრებს

საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტში საქართველოზე მომხსენებელი ანდრეს მამიკინსი დღეს ქართველ კანონმდებლებს შეხვდება.

დღის წესრიგის თანახმად, მამიკინსი თითოეულ საპარლამენტო ფრაქციას ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვდება, რის შემდეგაც აუდიენციას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან გამართავს.

მამიკინსის ვიზიტის მიზანია, ანგარიშის მომზადება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის სამი წლის შედეგების თაობაზე.

მმართველ გუნდში მზადყოფნას გამოთქვამენ, ევროპარლამენტის მომხსენებელს სრული ინფორმაცია მიაწოდონ, რათა ევროპარლამენტმა შესაბამისი დასკვნა მოამზადოს.

„ანდრეს მამიკინსი არის დანიშნული ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ, რათა შეისწავლოს ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს საქართველოში და უკავშირდება ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციას, ასევე რამდენად მიმდინარეობს პროგრესი. ამ მიმართულებით საქართველოში პროგრესი არის და მნიშვნელოვანია, მივცეთ სრული ინფორმაცია, რათა დასკვნები გააკეთოს ევროპარლამენტმა და ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს ამ მიმართულებით. თუ სადმე ჩამორჩენაა, ასე ვთქვათ, იქ დავაწიოთ, თუ სადმე წინსწრება გვაქვს, ესეც აღიარებულ იქნას. საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით ეს უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომელსაც ამ შემთხვევაში სპეციალურად დანიშნული მომხსენებელი წარმართავს, ჩაიტანს და იქნება შესაბამისი განხილვაც ევროპარლამენტში“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციას, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრების თქმით, ანდრეს მამიკინსთან შეხვედრისას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობასა და ამ პროცესების შემაფერხებელ ფაქტორებზე ისაუბრებენ.

„ევროპული საქართველო“ მამიკინსთან შეხვედრაზე ისაუბრებს იმის მნიშვნელობაზე, რომ საქართველო და საქართველოს მოსახლეობა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და რომ ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაცია ჩვენთვის, საქართველოს მოსახლეობისთვის, რომელმაც ამაზე არჩევანი უკვე დააფიქსირა. ამასთანავე, ჩვენ ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რაც საქართველოს დღეს ხელს უშლის ამ ინტეგრაციის პროცესში. ეს არის პირველ რიგში დემოკრატიასთან დაკავშირებული პროცესები, არაფორმალური მმართველობა, ოლიგარქის მიერ კონტროლირებადი ინსტრუმენტები, ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მაგალითად, პოლიტიკური დევნა“, – განაცხადა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ.

საკანონმდებლო დონეზე დაგეგმილი შეხვედრების გარდა, დღესვე დაგეგმილია ანდრეს მამიკინსის ჩასვლა საოკუპაციო ზოლთან.

ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს გუშინ ეწვია და უკვე გამართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან. ანდრეს მამიკინსი გუშინ ასევე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს.