ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, ონლაინ პლატფორმებს საშუალება ექნებათ, ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის გამოსავლენად შეტყობინებები შეამოწმონ, კრიტიკოსები რეგულაციას „ჩატების კონტროლს“ უწოდებენ
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა დროებითი რეგულაციის გახანგრძლივებას, რომელიც ონლაინ პლატფორმებს საშუალებას აძლევს, ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალის გამოსავლენად, მომხმარებლების შეტყობინებები შეამოწმონ, კრიტიკოსები კანონს „ჩატების კონტროლს“ უწოდებენ.
„ევრონიუსის“ ცნობით, ევროპარლამენტარებმა მომხმარებლების კონფიდენციალურობის დასაცავად კანონში შესწორებები შეიტანეს. ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ცვლილებების მიხედვით, ეს წესები არ უნდა გავრცელდეს იმ სერვისებზე, რომლებიც შეტყობინების დაშიფვრას (end-to-end encryption) იყენებენ. ასეთი ტექნოლოგია უზრუნველყოფს, რომ შეტყობინებების შინაარსის წაკითხვა მხოლოდ გამგზავნსა და მიმღებს შეუძლიათ და თავად პლატფორმასაც არ აქვს წვდომა ამ მიმოწერაზე.
როგორც „ევრონიუსი წერს, კანონი ნებაყოფლობითია და არ ავალდებულებს პლატფორმებს შემოწმებას, ასევე არ აძლევს მთავრობებს კერძო შეტყობინებებზე პირდაპირი წვდომის უფლებას.
რეგულაცია 2028 წლის 3 აპრილამდე იმოქმედებს.
აღნიშნულ რეგულაციას კრიტიკოსები „ჩატების კონტროლს“ (Chat Control) უწოდებენ და მომხმარებლების კონფიდენციალურობის შესაძლო დარღვევაზე საუბრობენ. მხარდამჭერები კი აცხადებენ, რომ მსგავსი მექანიზმები აუცილებელია ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად.