ევროპარლამენტის დელეგაცია ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა
ევროპარლამენტის დელეგაცია ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა

ევროპარლამენტის დელეგაცია, რომელშიც ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს 13 წევრი შედის, სამდღიანი, პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ტაივანში. ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.

დელეგაციის წევრებმა ტაივანის პრეზიდენტთან, ცაი ინ-ვენთან გამართეს შეხვედრა. დელეგაციის ერთ-ერთი წევრის, რაფაელ გლუკსმანის განცხადებით, ევროკავშირი ტაივანში ერთი ნათელი მიზნისთვის მოვიდა, უთხრას, რომ მარტო არ არის და ევროკავშირი მის გვერდით დგას.

მისი თქმით, ევროკავშირი მომავალში უმაღლესი დონის შეხვედრების გამართვას და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს ევროკავშირ-ტაივანის ურთიერთობების გასავითარებლად.

გასულ თვეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკავშირისა და ტაივანის პოლიტიკური ურთიერთობები უნდა გაძლიერდეს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დელეგაციის ვიზიტი ბოლო პერიოდში ტაივან-ჩინეთის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე განხორციელდა. ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და მის დაბრუნებას ცდილობს. ამის გასაკეთებლად, ექსპერტები ჩინეთის მხრიდან სამხედრო ძალის გამოყენებასაც არ გამორიცხავენ.