ევროპარლამენტი ორგანიზაცია „მემორიალის“ ჩეჩნეთის განყოფილების ხელმძღვანელის გათავისუფლებას ითხოვს
ევროპარლამენტი ორგანიზაცია „მემორიალის“ ჩეჩნეთის განყოფილების ხელმძღვანელის გათავისუფლებას ითხოვს

ევროპარლამენტი რუსული უფლებადამცველი ორგანიზაციის „მემორიალის“ ჩეჩნეთის განყოფილების ხელმძღვანელის ოიუბ ტიტიევის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ტიტიევის ყველა უფლება, მათ შორის ადვოკატის, სამედიცინო დახმარების, ფიზიკური ხელშეუხებლობის, უკანონო სასამართლო დევნისგან დაცვის, უკანონო დაპატიმრების უფლებები.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ოიუბ ტიტიევის დაკავება არის ჩეჩნეთში მომუშავე ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების დაკავებების, დისკრედიტაციის, მათზე თავდასხმების შემაშფოთებელი სერიის ნაწილი.

ამასთან, ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ “მემორიალის” ჩეჩნეთის განყოფილების მაშინდელი ხელმძღვანელის ნატალია ესტემიროვას მკვლელობისთვის ამ დრომდე არავის უგია პასუხი. ევროპარლამენტის დეპუტატები რუსეთს მოუწოდებენ, ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენები დაუყოვნებლივ დეტალურად, ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოიძიონ.
ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ჰეიდი ჰაუტალამ რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ორგანიზაცია “მემორიალზე” თავდასხმები შეწყვიტოს.

„ევროპარლამენტი მხარს უჭერს “მემორიალს”. ჩვენი მთელ ძალისხმევას მივმართავთ, რომ მხარი დავუჭიროთ მამაც ადამიანებს, რომლებიც ძალიან საშიშ გარემოებებში საფრთხის ქვეშ აყენებენ საკუთარ თავისუფლებას და უსაფრთხოებას კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპების დასაცავად”, განაცხადა ჰაუტალამ.

მისი თქმით, ოიუბ ტიტიევის საქმე ჩრდილოეთ კავკასიაში უფლებადამცველი ორგანიზაციების დევნის მორიგი მტკიცებულებაა. ჰეიდი ჰაუტალამ ასევე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტმა “აზრის თავისუფლებისთვის” ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია 2009 წელს სწორედ ორგანიზაცია “მემორიალს” გადასცა.
ოიუბ ტიტიევი 9 იანვარს ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით დააკავეს. “მემორიალი” უფლებადამცველის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას გაყალბებულს უწოდებს. ტიტიევი წინასწარ პატიმრობაში 9 მარტამდე იმყოფება.
ოიუბ ტიტიევმა ორგანიზაცია “მემორიალის” ჩეჩნეთის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობა 2009 წელს ნატალია ესტემიროვას მკვლელობის შემდეგ დაიკავა. ჩეჩნეთში უფლებადამცველის გატაცების და მკვლელობის საქმე დღემდე გაუხსნელია.