ევროპარლამენტი რუსეთს ბელარუსის მხარდაჭერის გამო დამატებითი სანქციებით დაემუქრა
ევროპარლამენტი რუსეთს ბელარუსის მხარდაჭერის გამო დამატებითი სანქციებით დაემუქრა

ევროპარლამენტი რუსეთს ბელარუსის მხარდაჭერის გამო დამატებითი სანქციებით დაემუქრა. ამის შესახებ ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტში მიიღეს. დოკუმენტს მხარი 506-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა 29 ადამიანი. 139-მა ევროდეპუტატმა თავი შეიკავა.

„ევროკავშირმა მკაფიოდ უნდა დაანახოს რუსეთს, რომ თუ მოსკოვი განაგრძობს დღეს მოქმედ პოლიტიკას ბელარუსთან ურთიერთობებში, მაშინ ევროკავშირი იძულებული იქნება, მიიღოს დამატებითი ზომები რუსეთის საწინააღმდეგოდ და მის შესაკავებლად“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

კონკრეტულად რა სახის სანქციებზეა საუბარი, დოკუმენტში მითითებული არ არის.

ევროპარლამენტი ასევე ითხოვს, ევროკავშირისგან რეგულარულად მომზადდეს ანგარიში, რომელიც ბელარუსის პოლიტიკაში „კრემლის ჩარევის“ საკითხს დაეთმობა.

ამას გარდა, ევროდეპუტატებმა გააკრიტიკეს რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების მოლაპარაკებები, რომლიც „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ შექმნისკენს იყო მიმართული.

„ევროკავშირი ამას განიხილავს ბელარუსის სუვერენიტეტის დარღვევად, რადგან ეს ართმევს ბელარუს ხალხს უფლებას, თავად განსაზღვროს ქვეყნის მომავალი“, – ნათქვამია რეზოლუციაში.