ევროპარლამენტი კანაფის სამედიცინო მიზნით გამოყენებაზე კვლევების ჩატარების რეკომენდაციით გამოდის
ევროპარლამენტში 13 თებერვალს მიღებული რეზოლუცია ევროკომისიასა და ეროვნულ მთავრობებს მოუწოდებს, გაავლონ მკაფიო ზღვარი სამედიცინო კანაბისსა და კანაფის სხვა სახით მოხმარებას შორის. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკომისიას და წევრ ქვეყნებს, მოხსნან მარეგულირებელი, ფინანსური და კულტურული ბარიერები, რომელიც ტვირთად აწვება სამედიცინო კვლევებს.
ევროპარლამენტის დეპუტატების გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა მეტი კვლევა უნდა განახორციელოს და სამედიცინო კანაფის პროექტების მიმართულებით, ინოვაციების სტიმულირება მოახდინოს. რეზოლუცია ევროკავშირის წევრებს მოუწოდებს, ნება დართონ ექიმებს, გამოიყენონ საკუთარი პროფესიონალური დასკვნები კანაბისზე დაფუძნებული მედიკამენტების დანიშვნის დროს.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ როდესაც აღნიშნული მედიკამენტები ეფექტური იქნება, სხვა წამლების მსგავსად, უნდა დაფაროს სამედიცინო დაზღვევის სქემამ. ევროპარლამენტში ფიქრობენ, რომ კანაბისისგან დამზადებული წამლების რეგულაცია სახელმწიფო ორგანოების დამატებით შემოსავალს გამოიწვევს, შავ ბაზარს შეზღუდავს და უზრუნველყოფს ხარისხს და ზუსტ მარკირებას. რეგულაციები ასევე შეზღუდავს არასრულწლოვნების წვდომას აღნიშნულ ნივთიერებაზე.