ევროპარლამენტი ევროკავშირს შავ ზღვაში საზღვაო ოპერაციის დაწყების საკითხის განხილვისკენ, ნატო-ს კი „შავი ზღვის საგუშაგოს“ შექმნისკენ მოუწოდებს
ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთის მიერ სამოქალაქო სავაჭრო გემებზე თავდასხმების შემდეგ შავ ზღვაში საზღვაო ოპერაციის დაწყების საკითხი განიხილოს. ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ ნატო-ს, განიხილოს ე.წ. შავი ზღვის საგუშაგოს შექმნის შესაძლებლობა.
„ბოლო სასიკვდილო თავდასხმების შემდეგ ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ შავ ზღვაში ევროკავშირის საზღვაო ოპერაციის განთავსების საკითხი. ისინი ხაზს უსვამენ, რომ ნავიგაციის თავისუფლება და საზღვაო უსაფრთხოება ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის, შავი ზღვის რეგიონისა და დუნაის დელტის უსაფრთხოების ნაწილია.
ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ ნატო-ს, განიხილოს შავი ზღვის ინიციატივა – ე.წ. შავი ზღვის საგუშაგოს შექმნის შესაძლებლობა, ამ საკითხზე არსებული დისკუსიების გათვალისწინებით. ამასთან, ისინი ხაზს უსვამენ ბულგარეთს, რუმინეთსა და თურქეთს შორის უფრო მჭიდრო რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 432-მა ევროპარლამენტარმა, 52 წინააღმდეგი იყო, 88-მა კი თავი შეიკავა.
რეზოლუციაში ევროპარლამენტარები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ, ნატო-სთან თანამშრომლობით, ბულგარეთსა და რუმინეთს მტრის დრონების ადრეულ აღმოჩენასა და თვალყურის დევნის საკითხში დაეხმარონ. ისინი ასევე მოუწოდებენ ევროკავშირს, სწრაფად განახორციელოს შავ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის შექმნის ინიციატივა.
„ბულგარეთისა და რუმინეთის სანაპიროებთან ბოლო სასიკვდილო თავდასხმებისა და რუმინეთის საჰაერო სივრცის განმეორებითი დარღვევების მკაცრად დაგმობით, ევროპარლამენტი რუსეთს ადანაშაულებს სამოქალაქო გემებზე თავდასხმებსა და უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის დასავლეთ შავ ზღვაში ეკალაციის გამწვავებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოითხოვს, ევროკავშირის მომდევნო ბიუჯეტში შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი თანხები გამოიყოს.