ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, თურქეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტოს
ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, თურქეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტოს

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშს, რომელიც ევროკავშირს თურქეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურად შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის წევრი კატი პირი ავრცელებს, რომელიც ანგარიშის ავტორია.

„ევროპარლამენტმა დაამტკიცა ჩემი ანგარიში თურქეთის შესახებ, რითაც ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, ოფიციალურად შეწყვიტონ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და თურქ დემოკრატებს სოლიდარობა გამოუცხადონ“, – წერს ევროდეპუტატი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თურქეთი უგულებელყოფს ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო თავისუფლებებს, ზეწოლას ახდენს სასამართლო სისტემაზე, არ არეგულირებს კვიპროსთან და სხვა მეზობლებთან დავას.

ბრიუსელმა ანკარასთან თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ შეაჩერა.