ევროპარლამენტი ევროკავშირს ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებს, ამასთან სლოვაკეთს გამომძიებელი ჟურნალისტის იან კუციაკის მკვლელობის დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა 573 ხმით დაამტკიცა.
ევროპარლამენტმა დაგმო იან კუციაკისა და მისი საცოლის მკვლელობა. ამას გარდა, დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, ჟურნალისტებისთვის ევროპარლამენტის სტაჟირების პროგრამას კუციაკის სახელი ეწოდოს.
ევროპარლამენტის წევრები მოუწოდებენ სლოვაკეთს, უზრუნველყოს აუცილებელი რესურსები, რათა ჩატარდეს მკვლელობის სრული და დამოუკიდებელი გამოძიება და დამნაშავეებმა პასუხი აგონ.
ამას გარდა, ევროპელი კანონმდებლები მოუწოდებენ ევროკავშირს, დაიცვას გამომძიებელი-ჟურნალისტები დაშინების ნებისმიერი ფორმისგან.
ევროპარლამენტი ასევე შეშფოთებას გამოთქვამს სლოვაკეთის ეკონიმიკასა და პოლიტიკაში ორგანიზებული დანაშაულის შესაძლო ჩართულობის, პროკურორების პოლიტიკური შერჩევისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოუძიებელი კორუფციული ბრალდებების გამო.
„დაფნა კარუანა გალისიისა და იან კუციაკის მკვლელობები – ეს არის ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებების ხელყოფის მცდელობა და დარტყმა ევროკავშირში კანონის უზენაესობაზე. ევროპარლამენტი მიისწრაფვის ჟურნალისტების უფლებებისა და ვალდებულებების გაძლიერებისკენ, თავისუფალი და დამოუკიდებელი ინფორმაციის მხარდაჭერისკენ“,- განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ.
სლოვაკეთში გამომძიებელი ჟურნალისტი იან კუციაკი და მისი საცოლე 26 თებერვალს მოკლეს. კუციაკი ევროპული ფონდების თანხებით თაღლითობისა და მასთან იტალიური მაფიის შესაძლო კავშირს იძიებდა. კუციაკის მკვლელობას სლოვაკეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, რის გამოც პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ თანამდებობა დატოვა. თუმცა ამან დემონსტრაციები არ შეაჩერა. საპროტესტო აქციის მონაწილეები მკვლელობის გამოძიებასა და ქვეყანაში სიღრმისეულ ცვლილებს ითხოვენ.