ევროპარლამენტი ცუკერბერგს მოუწოდებს, „კემბრიჯ ანალიტიკის“ საქმეზე ახსნა-განმარტებები გააკეთოს
ევროპარლამენტი მარკ ცუკერბერგს მოუწოდებს, საპარლამენტო კომიტეტების წინაშე კომპანია „კემბრიჯ ანალიტიკის“ საქმესთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები გააკეთოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
საპარლამენტო ჯგუფები სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ დამფუძნებელს სთხოვენ, სამი კომიტეტის წინაშე წარდგეს.
„ვფიქრობ, რომ მარკ ცუკერბერგი უნდა წარდგეს ევროპარლამენტის წინაშე. ეს ევროპელი მოქალაქეების მონაცემებს ეხება და ეს დიდი პოლიტიკური პრობლემაა“, – განაცხადა ჰოლანდიელმა დეპუტატმა სოფი ინტველტმა.
შეგახსენებთ, მანამდე ევროკავშირის იუსტიციის კომისარმა ვერა ჟუროვამ განაცხადა, რომ „ფეისბუქის“ დამაარსებელმა უნდა განმარტოს, როგორ აღმოჩნდა სულ მცირე 2,7 მილიონი ევროპელი ინტერნეტ-მომხმარებლის პირადი მონაცემები ბრიტანული ანალიტიკური კომპანიის ხელში.
შეგახსენებთ, 10-11 აპრილს მარკ ცუკერბერგი აშშ-ის კონგრესში კანონმდებლების კითხვებს პასუხობდა.
ბრიტანული კომპანიის „კემბრიჯ ანალიტიკას“ გარშემო სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, „ფეისბუქმა“ ამ კომპანიას 87 მილიონი მომხმარებლის პირად მონაცემებთან წვდომის საშუალება მისცა. აღნიშნული კომპანიის მომსახურებით დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი სარგებლობდა. ამერიკული მედიის გამოძიებიდან კი ირკვევა, რომ ეს კომპანია მსოფლიოს გარშემო 2000-ზე მეტ პლებისციტში ჩაერია. მათ შორის იყო არჩევნები კენიაში, ჩეხეთში, ნიგერიაში, ასევე ბრექსითის შესახებ რეფერენდუმი.