ევროპარლამენტარი ურმას პაეტი - 31 ოქტომბრის არჩევნები შესაძლებლობაა, საქართველომ მოახდინოს დემონსტრირება, რომ მზადაა იყოს სტაბილური დემოკრატიული ქვეყანა
ევროპარლამენტარი ურმას პაეტი - 31 ოქტომბრის არჩევნები შესაძლებლობაა, საქართველომ მოახდინოს დემონსტრირება, რომ მზადაა იყოს სტაბილური დემოკრატიული ქვეყანა

საქართველოში 31 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები შესაძლებლობაა, საქართველომ მოახდინოს დემონსტრირება, რომ მზადაა იყოს სტაბილური დემოკრატიული ქვეყანა, – ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა, ურმას პაეტმა ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.

„მარტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეული შეთანხმება, რომელიც საარჩევნო რეფორმას ეხებოდა, არის სწორი ნაბიჯი და სრულად უნდა იყოს ამოქმედებული, რათა შესაძლებელი გახდეს წინ წაწევა და პოლიტიკური პოლარიზაცია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აფერხებდა პროგრესს საქართველოში, დაძლეული იყოს. საქართველოს მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეებისგან და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შევიწროებისგან. ასევე, უკიდურესად მნიშვნელოვანია გარანტირებული იყოს მედიათავისუფლება, სარედაქციო დამოუკიდებლობა და გადაიდგას ნაბიჯების დეზინფორმაციული კამპანიების პრევენციისთვის. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი მოსაზრების გამოთქმისა და შეკრების თავისუფლება“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ურმას პაეტმა.

მისი თქმით, საქართველოში ჯერ კიდევ არის ბევრი სფერო, რომელთა გაუმჯობესებაც საჭიროა.

„მათ შორის, კანონის უზენაესობის განმტკიცება, კორუფციასთან ბრძოლა, ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება. 12 წელი გავიდა რუსეთისა და საქართველოს უკანასკნელი კონფლიქტის შემდეგ. სამწუხაროდ კონფლიქტი კვლავ გრძელდება. მიმდინარეობს არალეგალური ბორდერიაზაცია გამყოფი ხაზების გასწვრივ, რაც სიტუაციას აზიანებს, ახანგრძლივებს კონფლიქტს და მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას ახდენს. ამ განსაკუთრებით ფაქიზ დროს, როდესაც მსოფლიო „კოვიდ-19“-ის პანდემიას ებრძვის, მიუღებელია, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რამდენჯერმე უარი განაცხადა გადაუდებელი სამედიცინო მიზნებით რეგიონის მცხოვრებლების ევაკუაციაზე და ჰუმანიტარული დახმარების მიღებაზე. ჩვენ ვალდებულები ვართ, არ დავივიწყოთ ეს კონფლიქტი და გავაგრძელოთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა ურმას პაეტმა.