ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი - რუსეთის დღევანდელი ლიდერები არიან ევროკავშირის მეტოქეები, მათ ჩვენი გახლეჩვა სურთ
ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი - რუსეთის დღევანდელი ლიდერები არიან ევროკავშირის მეტოქეები, მათ ჩვენი გახლეჩვა სურთ

რუსეთი არის აგრესორი უკრაინაში და სხვაგანაც და არა – ჩვენ, რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მოკლეს ადამიანები სამშობლოში და საზღვარგარეთაც და არა – ევროკავშირმა, რუსეთი უწყობს ხელს, რათა დიქტატორებმა ძალაუფლება შეინარჩუნონ და არა – ჩვენ. რუსეთის ამ ხელისუფლებას დიალოგი არ სურს, განსაკუთრებით, სახელმწიფო დუმის არჩევნებამდე, – ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრმა, მაიკლ გალერმა  პლენარულ სხდომაზე გააკეთა, რომელზეც ევროდეპუტატები საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჟოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტზე მსჯელობენ.

მან ჟოზეფ ბორელს მიმართა და აღნიშნა, რომ მოსკოვში მისმა ვიზიტმა თვალი უნდა აუხილოს მათ, ვისაც ჯერ კიდევ აქვს ილუზიები კრემლის რეალური პოლიტიკის შესახებ.

„თქვენმა კონსულტაციებმა მოსკოვში თვალი უნდა აუხილოს მათ, ვისაც ჯერ კიდევ აქვს ილუზიები კრემლის რეალური პოლიტიკის შესახებ. თავად ვიზიტმა და განსაკუთრებით ცნობილმა პრესკონფერენციამ ბევრი ჩემი კოლეგის აღშფოთება გამოიწვია და ამას თქვენ დღეს მოისმენთ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ქცევა იყო არამეგობრული და მიუღებელი. ჩვენ ნამდვილად ვნახეთ ის ფაქტი, რომ თქვენ პრესკონფერენციაზე დააყენეთ რამდენიმე საკითხი, რომლებიც ევროკავშირის შეშფოთებას იწვევს. მათ შორის მოითხოვეთ ალექსეი ნავალნისა და ათი ათასი დაპატიმრებული მოქალაქის გათავისუფლება, ასევე, რუსეთის აგრესია ევროკავშირის უახლოეს სამეზობლოში, მაგრამ ნუთუ არ იყო მოსალოდნელი, რომ ლავროვი ევროკავშირს დაესხმებოდა თავს? ამ დროს სათანადო იქნებოდა რუსეთის არასწორი ქცევის გრძელი ნუსხის ჩამოთვლა და ლავროვის მიერ შემობრუნებული კითხვების უარყოფა ლატვიაზე, კუბასა და კატალონიაზე. რუსეთი არის აგრესორი უკრაინაში და სხვაგანაც და არა – ჩვენ, რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებმა დახოცეს ადამიანები სამშობლოში და საზღვარგარეთაც და არა – ევროკავშირმა, რუსეთი უწყობს ხელს, რათა დიქტატორებმა ძალაუფლება შეინარჩუნონ და არა – ჩვენ. ყველაფერი მკაფიოდ გამოჩნდა, რუსეთის ამ ხელისუფლებას დიალოგი არ სურს, განსაკუთრებით, სახელმწიფო დუმის არჩევნებამდე“, – განაცხადა გალერმა.

მისი თქმით, რუსეთის დღევანდელი ლიდერები არიან ევროკავშირის მეტოქეები. გალერმა აქვე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

„მათ ჩვენი გახლეჩვა სურთ. ჩვენ ევროპელებმა ახლა ერთად უნდა ვიმოქმედოთ და დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და ინტერესები. ჩვენ ველოდებით მკაფიო გზავნილებს ევროკავშირის ინსტიტუტებისგან, ევროკომისიისგან, ევროპის საბჭოსგან და ლიდერებისგან. ჩვენ ველოდებით, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები აამოქმედებენ ევროკავშირის „მაგნიტსკის აქტს“ ანუ მექანიზმს, რომელიც მიმართულია ადამიანების უფლებების დარღვევაში ბრალდებული პირების დასჯისკენ, რათა ყველა მოსამართლემ და პროკურორმა, რომელიც რუსეთში ოპოზიციისა და მშვიდობიანი მოქალაქეების პოლიტიკურ გასამართლებაში მონაწილეობდა, იგრძნონ, რომ მათ აქვთ ჩვენს სასანქციო სიაში ადგილი. სანქციები ასევე უნდა შეეხოს დიდ მოთამაშეებსაც, ვინც რეჟიმს მხარს უჭერს და სარგებელს იღებს. მათაც იგივე უნდა იგძნონ. მათ არ უნდა შეეძლოთ, ევროკავშირში მოგზაურობა, მათი ანგარიშები და აქტივები უნდა დაყადაღდეს, მათ არ უნდა ჰქონდეთ უფლება, ფული გაათეთრონ ევროკავშირის რომელიმე სახელმწიფოში და ამავე დროს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან“, – განაცხადა გალერმა.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჟოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტის გამო, 80-ზე მეტი ევროდეპუტატი ​მის გადადგომას ითხოვს.