ევროპარლამენტარი ლეილა შეივი აცხადებს, რომ ლობირების გამჭვირვალობის შესახებ ახალ წესებთან დაკავშირებით ევროკავშირი უნგრული ან ქართული უცხოელი აგენტების შესახებ კანონების კოპირებას ახდენს
ევროპარლამენტარი ლეილა შეივი აცხადებს, რომ ლობირების გამჭვირვალობის შესახებ ახალ წესებთან დაკავშირებით ევროკავშირი უნგრული ან ქართული უცხოელი აგენტების შესახებ კანონების კოპირებას ახდენს

სამწუხაროდ, ამ ტექსტით ევროკავშირი არ ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ძირს უთხრიან ჩვენს პარლამენტს. პირიქით, ისინი იარაღს აწვდიან, რათა თავს დაესხნენ მათ, ვინც არ მოსწონთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტში „მემარცხენეების“ ჯგუფის წევრმა, ლეილა შეივიმ განაცხადა შიდა ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის კომიტეტზე, ლობირების გამჭვირვალობის შესახებ ახალ წესებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, აღნიშნული არის უნგრული ან ქართული უცხოელი აგენტების შესახებ კანონების კოპირება.

„ეს არის უნგრული ან ქართული უცხოელი აგენტების შესახებ კანონების კოპირება ერთი მიზნით – თითის გაშვერა, სამოქალაქო საზოგადოებაში მყოფი ხალხის სტიგმატიზაცია, იმათი, ვინც მათ არ მოსწონთ“, – განაცხადა ლეილა შეივიმ.

ამასთან, ლეილა შეივიმ აღნიშნა: „ჩვენ ამ ტექსტის ზოგადი გამჭვირვალობის აქტად გადაქცევა გვსურდა ლობისტების წინააღმდეგ, რომ თავიდან აგვერიდებინა უცხოეთიდან მომავალი დესტაბილიზაცია, რაც ასახავდა იმას, რა მოხდა კატარის შემთხვევაში, რამაც შეარყია ჩვენი ინსტიტუტის საფუძველი, თუმცა ეს უარყვეს“.

ევროპარლამენტის შიდა ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის კომიტეტმა მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებული ლობირების გამჭვირვალობის შესახებ ახალ წესებს მხარი დაუჭირა.

პროექტს ევროპარლამენტის შიდა ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის კომიტეტმა 35 ხმით, ოთხის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი, რვამ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ახლა კი პროექტი სტრასბურგში, პარლამენტის სხდომაზე უნდა დაამტკიცონ, რის შემდეგაც დაიწყება მოლაპარაკებები ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის.