ევროპარლამენტარი კრისტიან ტერესი – ყოველ ჯერზე საქართველოს განხილვისას, უბრალოდ ვაკრიტიკებთ, რადგან ქართველმა ხალხმა გარკვეული მთავრობა აირჩია, მაგრამ სად იყავით 2008 წელს, რა გავაკეთეთ 2008 წლიდან?
ყოველ ჯერზე, როცა საქართველოს განვიხილავთ, უბრალოდ ვაკრიტიკებთ, რადგან ქართველმა ხალხმა გარკვეული მთავრობა აირჩია. მაგრამ სად იყავით 2008 წელს, როდესაც საქართველოს თავს დაესხნენ? რა გავაკეთეთ 2008 წლიდან? – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა კრისტიან ტერესმა „ელენე ხოშტარიას საქმისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების შესახებ“ დებატებზე განაცხადა.
ამასთან, ტერესმა კოლეგებს მოუწოდა, რომ არ შეწყვიტონ საქართველოს მთავრობასთან დიალოგი.
„არ მგონია, დღეს აქ, სხდომაზე მოსმენილი გამოსვლების შინაარსი საქართველოს ეხმარებოდეს, პირიქით. 2008 წელს, როდესაც საქართველოს რუსეთი თავს დაესხა, არა მხოლოდ ეს პლენარული სხდომა, არამედ მსოფლიოს ბევრი სხვა პარლამენტი გზავნიდა რეზოლუციებს და სხვას არაფერს. საბოლოოდ, ქართველი ხალხი გახდა ის, ვინც ფასს იხდიდა, იმ გადაწყვეტილებისთვის, რომ ქვეყანამ დასავლური გზა აირჩია. 2019 წლიდან, ჩემი წევრობის მომენტიდან, ყოველ ჯერზე, როდესაც საქართველოს განვიხილავთ, უბრალოდ ვაკრიტიკებთ მათ. ვაკრიტიკებთ, რადგან ქართველმა ხალხმა გარკვეული მთავრობა აირჩია. ვაკრიტიკებდით, რადგან ამა თუ იმ გზას ადგას. მაგრამ სად იყავით 2008 წელს, როდესაც საქართველოს თავს დაესხნენ? რა გავაკეთეთ 2008 წლიდან რუსეთთან მიმართებით განცხადებებისა და რეზოლუციების მიღმა? თქვენ ამბობთ, რომ ადამიანები საქართველოში ამჟამად დაკავებულნი არიან. შესაძლოა, ეს სიმართლე იყოს, მაგრამ ჩვენ თუ მთავრობასთან არ წარვმართავთ დიალოგს, როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ამ ადამიანების დახმარებას? მოგიწოდებთ, არ შევწყვიტოთ მათთან საუბარი, არამედ კვლავ ჩავერთოთ ყველა პოტენციური პრობლემის მოსაგვარებლად“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.