იოზას ოლეკასი - ვიმედოვნებ, სალომე ზურაბიშვილი გამოხატავს საქართველოს სურვილს ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე და საქართველოს პოზიციას ევროინტეგრაციაზე
იოზას ოლეკასი - ვიმედოვნებ, სალომე ზურაბიშვილი გამოხატავს საქართველოს სურვილს ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე და საქართველოს პოზიციას ევროინტეგრაციაზე

ვიმედოვნებ, პრეზიდენტი გამოხატავს საქართველოს სურვილს ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ, ასევე საქართველოს პოზიციას ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა იოზას ოლეკასმა სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში დაგეგმილ გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

იოზას ოლეკასის განცხადებით, ევროპარლამენტისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, იოზას ოლეკასი იმედოვნებს, რომ წლის ბოლოს საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„ვფიქრობ, ქართველები პატივს სცემენ ევროპულ ფასეულობებს – კანონის უზენაესობას, დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას. ეს ჩვენი ევროპული ოჯახის მნიშვნელოვანი სტანდარტებია, რასაც ბევრი ქვეყანა სცემს პატივს, მათ შორის საქართველო. ვიმედოვნებთ, საქართველო მიწვეული იქნება ევროკავშირში კანდიდატის სტატუსით. იმედი მაქვს, წლის ბოლოს სტატუსს მიიღებთ, თუმცა, ამავდროულად, ეს საქართველოს მთავრობასა და ხალხზეა დამოკიდებული, მათ მზადყოფნაზე, გაატარონ რეფორმები, მიიღონ ევროპული ფასეულობები და ისინი ყოველდღიურობაში დაამკვიდრონ“, – განაცხადა იოზას ოლეკასმა.