ევროპარლამენტარი იოზას ოლეკასი - რუსეთის აგრესია 2008 წელს, შემდეგ 2014 წელს უკრაინაში, საკმარისი არ აღმოჩნდა იმის გასაცნობიერებლად, რომ რუსეთი მშვიდობისთვის არ არის მოწოდებული, ახლა ამას ყველა ხედავს
ევროპარლამენტარი იოზას ოლეკასი - რუსეთის აგრესია 2008 წელს, შემდეგ 2014 წელს უკრაინაში, საკმარისი არ აღმოჩნდა იმის გასაცნობიერებლად, რომ რუსეთი მშვიდობისთვის არ არის მოწოდებული, ახლა ამას ყველა ხედავს

რუსეთის აგრესია 2008 წელს, შემდეგ 2014 წელს უკრაინაში, საკმარისი არ აღმოჩნდა იმის გასაცნობიერებლად, რომ რუსეთი მშვიდობისთვის არ არის მოწოდებული, ახლა ამას ყველა ხედავს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, იოზას ოლეკასმა მადრიდში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა იმართება.

„ის, რომ რუსეთი მშვიდობისთვის არ არის მოწოდებული, საამისოდ ბევრი მტკიცებულება გვაქვს. ჩვენ, ბალტიელები და თქვენ, თქვენი რეგიონის ქვეყნები ყოველთვის ვამბობდით, რომ რუსეთი მშვიდობას და მეზობლებს საფრთხეს უქმნის. ჯერ საქართველოსკენ მიმართული აგრესია 2008 წელს, პუტინის რეჟიმის აგრესია უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2014 წელს ბევრი დასავლური ქვეყნისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ ეს კარგად გაეცნობიერებინათ. მაგრამ ახლა უკრაინის წინააღმდეგ პუტინის მორიგი აგრესიის შემდეგ ყველა ხედავს, რომ ეს სიმართლეა და უნდა ვიმოქმედოთ უფრო სერიოზულად, უფრო გაერთიანებულებმა.

ჩვენ აქ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზეც შეგვიძლია, ვაჩვენოთ მტკიცე ერთობა განსხვავებულ პოლიტიკურ ჯგუფებსა თუ ქვეყნებს შორის. ეს ასევე გვაჩვენებს იმას, რომ უნდა განვამტკიცოთ თავდაცვა. საამისოდ მეტი რესურსი მოვიძიოთ და მტკიცე ერთობა შევქმნათ. საქართველოს დამატებითი შესაძლებლობები აქვს, ეს ადრეც მითქვამს – დემოკრატიის განმტკიცება, კანონის უზენაესობა, შეიარაღებული ძალების მომზადება, საზოგადოების ერთიანობა და ნატო-ში გაწევრიანება – ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროცესს და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“,- განაცხადა ევროპარლამენტარმა.