ევროპარლამენტარი ანდრეა ბოშკორი - საქართველოს საზოგადოებამ აირჩია ევროპა და ჩვენ მათ არჩევანს მხარი უნდა დავუჭიროთ
ევროპარლამენტარი ანდრეა ბოშკორი - საქართველოს საზოგადოებამ აირჩია ევროპა და ჩვენ მათ არჩევანს მხარი უნდა დავუჭიროთ

აუცილებელია, პოზიტიური მიდგომა გვქონდეს და მხარი დავუჭიროთ საქართველოს რეფორმების გატარებაში, – ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის წევრმა, ევროპარლამენტარმა ანდრეა ბოშკორმა ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.

„საქართველო ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის სწორ გზას ადგას. საქართველომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია დემოკრატიისთვის, კარგი მმართველობისა და ადამიანის უფლებების დასაცავად. მნიშვნელოვანი იყო შიდა დაპირისპირების დასაძლევად მიღწეული შეთანხმება და საარჩევნო კანონი, რომელიც საერთაშორისო რეკომენდაციით მიიღეს. საპარლამენტო არჩევნები ახალი კონსტიტუციის მიხედვით ჩატარდება. ეს საეტაპო მომენტია საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ნორმალიზაციაში. იმედი მაქვს, საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩატარდება“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრეა ბოშკორმა.

მისივე თქმით, ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს ევროპულ არჩევანს.

„საქართველოს საზოგადოებამ აირჩია ევროპა და ჩვენ მათ არჩევანს მხარი უნდა დავუჭიროთ. ამისთვის აუცილებელია ასოცირების შეთანხმების პოტენციალის გამოყენება და ურთიერთობების გაღრმავება. აუცილებელია, პოზიტიური მიდგომა გვქონდეს და მხარი დავუჭიროთ საქართველოს რეფორმების გატარებაში. ჩვენ ასევე უნდა დავუჭიროთ მხარი ახალგაზრდებს, რათა ისინი ევროკავშირის პროგრამებში აქტიურად ჩაერთონ და ევროპაში სწავლა შეძლონ. მე ასევე ხაზს გავუსვამდი საქართველოს ეფექტურ ბრძოლას „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან, რაც სამაგალითოა. ასევე კიდევ ერთხელ ვუცხადებ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე, როგორც საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-სთან ინტეგრაციის ძალისხმევას“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა ანდრეა ბოშკორმა.