ევროპარლამენტარებს ციხეში კატალონიის ყოფილი ხელისუფლების წევრების მონახულების უფლება არ მისცეს
ევროპარლამენტარებს ციხეში კატალონიის ყოფილი ხელისუფლების წევრების მონახულების უფლება არ მისცეს

ევროპელ პარლამენტარებს ესტრემერას ციხეში მყოფი კატალონიის ყოფილი ხელისუფლების წევრების მონახულების უფლება არ მისცეს.

ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში მადრიდთან ახლოს მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულების წინ იდგნენ.

საბოლოო უარის მიღების შემდეგ, პასპორტებითა და ევროპარლამენტის საშვებით ხელში ფოტოები გადაიღეს და ჟურნალისტებთან ისაუბრეს. პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ დაკავებულ პირებთან შესვლისა და გასაუბრების სურვილი მათ ერთი თვის წინ გამოთქვეს.

კანონმდებლებმა ციხის წინ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნეს, რომ ისინი სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენენ. მემარჯვენე, მემარცხენე და ცენტრისტულ ძალებს მიეკუთვნებიან, თუმცა განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგიის მიუხედავად, იცავენ იმ ღირებულებებს, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება.

მათი თქმით, ევროპარლამენტარებს ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ციხეში შესვლის, პატიმართან ვიზიტისა და მათთან ციხეში არსებულ პირობებზე საუბრის უფლება აქვთ. კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე დაპატიმრებული პოლიტიკოსებთან, კატალონიის ყოფილი ხელისუფლების წევრებთან შეხვედრის სურვილი 7-მა ევროპარლამენტარმა გამოთქვა, მათ შორის იყო ევროპარლამენტარი ტატიანა ჟდანოკა.

ევროპარლამენტარ ტატიანა ჟდანოკას მიწვევით იმყოფებოდა ბრიუსელში, კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად და თვითგამორკვევის ტენდენციებზე სასაუბროდ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი.

კატალონიაში ვადამდელი რეგიონალური არჩევნები ხვალ არის დაგეგმილი. კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი კარლეს პუიჩდემონი ბრიუსელში რჩება.