ევროპარლამენტარები სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი სახალხო დამცველთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ევროპარლამენტარები სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი სახალხო დამცველთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ევროპარლამენტარები სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი საქართველოს სახალხო დამცველის როლის მნიშვნელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მტკიცედ უჭერენ მხარს სახალხო დამცველის ოფისის მუშაობას, რომელიც ასრულებს უკიდურესად მნიშვნელოვან როლს ქართულ საზოგადოებაში.

„ქალბატონი ნინო ლომჯარია და მისი ოფისი იმსახურებენ ქებას მათი მუშაობისთვის და მათ დამოუკიდებლობაზე თავდასხმები, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ისინი, ყოველთვის შემაშფოთებელია. ჩვენ ცნობად ვიღებთ ქალბატონი ნინო ლომჯარიას განცხადებებს მიხეილ სააკაშვილის ღირსების, უსაფრთხოებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების პატივისცემის საჭიროებაზე, მისი ჯანმრთელობის დაცვის აუცილებლობაზე და მე-18 სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანის გარშემო გარემოებებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, განვითარებულ მოვლენებს თვალს ადევნებენ და ელოდებიან, რომ მისი უფლებები დაცული იქნება.

„2017 წელს მოვალეობის შესრულების დაწყებისთანავე, ქალბატონი ლომჯარია წარმოადგენს მაგალითს, არ იშურებს ძალისხმევას საქართველოში ადამიანის უფლებების დასაცავად, კარგი მმართველობის ხელშესაწყობად და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად. სწორედ ეს პრინციპები უდევს საფუძვლად ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებას და ამ სფეროებში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე. ამის გათვალისწინებით, მით უფრო მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის ყოლა, რომელიც ასრულებს თავის მოვალეობებს გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. მის მნიშვნელობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ეს ინსტიტუტი მხარდაჭერილია ევროკავშირის ბიუჯეტით და გრანტებით, ასევე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპული ინსტრუმენტის (EIDHR) პროექტების მიერ. თავისი მოვალეობების უდიდესი ერთგულებით შესრულებით, ქალბატონ ლომჯარიას და მის კოლეგებს შეაქვთ წვლილი საქართველოს ევროპულ გზაზე შენარჩუნებაში. მათ აქვთ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის ნდობა და საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ეჭვგარეშეა, რომ ისინი საჭიროებენ შექებას და არა კრიტიკას საქართველოს დემოკრატიული მომავლისადმი მათი ერთგულებისთვის“, – ნათქვამია ევროპარლამენტარების სვენ მიქსერისა და მარინა კალიურანდის განცხადებაში.