ევროპარლამენტარები - მოვუწოდებთ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას, გადასცენ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს დაბრკოლებების გარეშე
ევროპარლამენტარები - მოვუწოდებთ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას, გადასცენ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს დაბრკოლებების გარეშე

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპარლამენტის დეპუტატი, საჯად კარიმი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის წევრები ღრმად არიან შეშფოთებული ცხინვალში დაკავებული არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო.

ევროპარლამენტარები უსამძიმრებენ გარდაცვლილის ოჯახს და დე-ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებენ, საქართველოს ორ მოქალაქეს დაუყოვნებლივ მისცენ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნების უფლება.

„ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის მსგავსად, ბატონი ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი, კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ სიტუაციის გაუარესებას. მოვუწოდებთ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას, გადასცენ ტატუნაშვილის ცხედარი მის ოჯახს დამატებითი დაბრკოლებების გარეშე, რათა მოხდეს მისი გარდაცვალების გარემოებების სრული შესწავლა და დაისაჯონ პასუხისმგებელი პირები“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზად არის, დაეხმაროს გამოძიებას და ხელი შეუწყოს მოლაპარაკებების დაჩქარებას.

ამასთან, განცხადების ავტორები მწუხარებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არასდროს ჰქონია ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაშვება. წერილის ბოლოს, ევროპარლამენტის წევრები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.