ევროპარლამენტარები - ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება სრულად და მიუკერძოებლად უნდა იქნას გამოძიებული, მოვუწოდებთ საზოგადოების ყველა წევრს, გამოიჩინონ სიმშვიდე და თავშეკავება, რათა არ მოხდეს პროვოკაციები
ევროპარლამენტარები - ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება სრულად და მიუკერძოებლად უნდა იქნას გამოძიებული, მოვუწოდებთ საზოგადოების ყველა წევრს, გამოიჩინონ სიმშვიდე და თავშეკავება, რათა არ მოხდეს პროვოკაციები

ლაშქარავას გარდაცვალება და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა ძალადობრივი თავდასხმების ფონზე, სრულად და მიუკერძოებლად უნდა იქნას გამოძიებული , – ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტარების – ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩენეს ერთობლივ განცხადებაში.

ევროპარლამენტარები ქართული საზოგადოების ყველა წევრს სიმშვიდისკენ, თავშეკავებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ პროვოკაციები არ უნდა მოხდეს.

„საქართველო ძალიან სერიოზულ გზაჯვარედინზეა, რაც განსაზღვრავს მის განვითარებას, წარმატებას ან წარუმატებლობას უახლოესი ათწლეულების განმავლობაში. ქართველთა უმეტესობამ უკვე მტკიცედ და დიდი ხნის წინ აირჩია ევროპული განვითარება და ევროპული ღირებულებები. ამასთან, მოქმედებს ძალები, რომლებიც ცდილობენ, ხელი შეუშალონ საქართველოს პროგრესს ამ გზაზე და შეცვალონ იგი. საქართველოში ბოლოდროინდელი განვითარებული მოვლენები, როდესაც 53 ჟურნალისტი სამიზნე გახდა და სცემეს მიტინგზე, რომელიც ეწინააღმდეგებოდა თბილისის ღირსების მარშს, ერთ-ერთი ასეთი მცდელობაა. ჩვენ დაგვამწუხრა ერთ-ერთი დაშავებული მედიის მუშაკის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ. ლაშქარავას გარდაცვალება და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა ძალადობრივი თავდასხმების ფონზე, სრულად და მიუკერძოებლად უნდა იქნას გამოძიებული. ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოების ყველა წევრს, გამოიჩინონ სიმშვიდე და თავშეკავება, რათა არ მოხდეს პროვოკაციები. საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ, განსაკუთრებით მმართველმა პარტიამ, უნდა იმუშაოს ევროპული ღირებულებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად. მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების ღირებულებები ევროპული ფასეულობებია და უნდა იყოს დაცული“, – ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გუშინ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც შინ გაწერეს.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.