ევროპარლამენტარები ევროკავშირს რუსეთის ანტიდემოკრატიული ნაბიჯების მიმართ რეაქციისკენ მოუწოდებენ
ევროპარლამენტარები ევროკავშირს რუსეთის ანტიდემოკრატიული ნაბიჯების მიმართ რეაქციისკენ მოუწოდებენ

ევროპარლამენტარები ევროპული საბჭოს, ევროკომისიის პრეზიდენტებს და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს წერილს უგზავნიან. წერილს ხელს 44 ევროპელი კანონმდებელი აწერს და მოსალოდნელია, რომ ხელმომწერი დეპუტატების რიცხვი გაიზარდოს. დეპუტატები ევროპულ საბჭოს “მაგნიტსკის აქტის” ევროპული ვერსიის მიღებისკენ მოუწოდებენ.

დეპუტატების აზრით, აუცილებელია, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვები გამკაცრდეს. დეპუტატების წერილს “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. წერილში საუბარია უკრაინასა და საქართველოზე. ევროპარლამენტარები ფიქრობენ, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებები გამო სანქციების დაწესება დროული და ეფექტიანი იქნება. ამასთანავე, გაზრდის ამ ქმედებებზე რუსეთის მიერ გადასახდელ ფასს. ევროპელი დეპუტატების აზრით, დასავლური დემოკრატიების ერთიანობა და ტრანსატლანტიკური ერთობა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის მოსკოვისთვის სიურპრიზი იყო.

“რუსეთი აგრძელებს მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების იგნორირებას და უკრაინის, ისევე როგორც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული რჩება. პრეზიდენტი პუტინი აგრძელებს ასადის რეჟიმისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების აღმოჩენას და სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერების გამოყენების საქმეზე – გაეროში გამოძიების დაბლოკვას. კრემლი რუსეთში აგრძელებს ქვეყნის დემოკრატიული ოპოზიციიის და დამოუკიდებელი მედიის შევიწროებას”,– აცხადებენ ევროპარლამენტარები.

ისინი ამბობენ, რომ ნათელი ხდება რუსეთის მიზნები კონფრონტაციაში შევიდეს დასავლურ დემოკრატიებთან მათი დაყოფისა და დესტაბილიზაციის მიზნით. წერილში საუბარია ბორის ნემცოვის, ანა პოლიტკოვსკაიას, მაქსიმ ბოდონის მკველობაზე, რუსეთის მიერ ქალაქ სოლსბერიში ყოფილი აგენტისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაზე. პარლამენტარები დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთი არ შეცვლის აგრესიულ ქმედებებს და აუცილებელია დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს ინდივიდუალურ პირებზე და ბიზნესმენებზე, ვისაც ამ რეჟიმთან კავშირი აქვს.

პარლამენტარები გამოდიან ინიციატივით, ახალი, მ”აგნიტსკის აქტის” მსგავსი შეზღუდვები დაწესდეს რუსი მაგნატებისა და ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლებიც თანხებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ინახავენ და ათეთრებენ, მფარველობენ და ეხმარებიან პუტინს ანტი-დემოკრატიულ ქმედებები განახორციელოს.