ევროპარლამენტარები ერთობლივ წერილს ავრცელებენ - მოვუწოდებთ რუსეთს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მისცეს შეუფერხებელი წვდომა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და დაასრულოს ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევები
ევროპარლამენტარები ერთობლივ წერილს ავრცელებენ - მოვუწოდებთ რუსეთს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მისცეს შეუფერხებელი წვდომა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და დაასრულოს ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუფერხებელი წვდომა საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში და დაასრულოს ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევები, – ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტარების ერთობლივ წერილში, რომელიც 2008 წელს საქართველოში განხორციელებულ რუსეთის აგრესიას და საქართველოს რეგიონების ოკუპაციას უკავშირდება.

წერილს ხელს აწერენ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი სვენ მიქსერი.

წერილის თანახმად, რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობით შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები არიან ევროპული ოჯახის ნაწილი და მათ თავისუფლად და უმრავლესობით აირჩიეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა.

ევროპარლამენტარების წერილში აღნიშნულია, რომ „სამწუხაროდ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს არ შეუძლიათ, განახორციელონ თავიანთი პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები როგორც საქართველოს მოქალაქეებს და არ შეუძლიათ, ისარგებლონ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გაძლიერებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარებით, რადგან ისინი კვლავ განიცდიან რუსული ოკუპაციით შექმნილ უბედურებას. მათი ტანჯვა კიდევ უფრო გამწვავებულია „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად“.

წერილის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება შექებას იმსახურებს დიალოგის მზადყოფნისათვის, რომელიც ასახულია ამბიციური ინიციატივით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც მიზნად ისახავს ვაჭრობის, განათლებისა და მობილობის ხელშეწყობას მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს. ევროპარლამენტარები მიესალმებიან სამთავრობო კომისიას, რომელიც ახლახან შექმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატმა, დეოკუპაციისა და მშვიდობიანი კონფლიქტების მოგვარებისთვის ქართული სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით.

„ჩვენ მტკიცედ ვართ ერთგული საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, წვლილი შევიტანოთ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად განხორციელებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობით და სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევით.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, როგორც ქვეყანას, რომელიც ახორციელებს დე ფაქტო კონტროლს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე (როგორც ეს ხაზგასმით აღინიშნა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორის საქმეში), მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუფერხებელი წვდომა ორივე ოკუპირებულ რეგიონში, უარი თქვას აქტიური „ბორდერიზაციის“ პროცესზე, დაასრულოს ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევები – განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც ჩადენილია ეთნიკური ნიშნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ასეთი დარღვევები დაისჯება მართლმსაჯულების წინაშე და ნება დართოს იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას წინაპრების მიწაზე“, – აღნიშნულია ევროპარლამენტარების ერთობლივ წერილში.