ევროპარლამენტარები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
ევროპარლამენტარები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტარები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა.

როგორც შეხვედრის შემდეგ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა, ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, საუბარი შეეხო წინასაარჩევნო გარემოსა და საქართველოში არსებულ პრობლემებს.

ვახუშტი მენაბდის თქმით, ევროპარლამენტარებთან მათ ასევე განიხილეს პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხიც.

„მივაწოდეთ ინფორმაცია და ჩვენი ხედვა საქართველოში არსებული პრობლემების შესახებ. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სახელით, მინდა, ვთქვა, რომ შევეხეთ ისეთ თემებს, როგორიცაა წინასაარჩევნო გარემო. ჩვენ დღეს გამოვაქვეყნეთ ანგარიში და პრინციპში იმ საკითხებზე ვისაუბრეთ, რაც ანგარიშშია. ასევე, საუბარი გვქონდა პოლიტიკურ პოლარიზაციაზე, იმ პრობლემებზე, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს, როგორ შეიძლება მისი შემცირება ისე, რომ ქვეყანამ გადალახოს კრიზისი და გააგრძელოს ფუნქციონირება“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ადგილობრივი თემები არ განიხილება. როგორც ევროპარლამენტარი ამბობს, ის იმედოვნებს, რომ პოლიტიკური პარტიები სამომავლო გეგმებს შესთავაზებენ ამომრჩევლებს.

„ამ არჩევნებს აკლია ის, რასაც რეალურად ეხება ეს არჩევნები. ეს ხომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, თუმცა ადგილობრივი თემები არ განიხილება. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს არჩევნები გამოიყურება რეფერენდუმივით ეროვნულ პარლამენტზე. რას იტყვით ადგილობრივ საკითხებზე, რაც ხალხს აწუხებს?! იმედი მაქვს, პოლიტიკური პარტიები გააცნობიერებენ ამას და სამომავლო გეგმას შესთავაზებენ ამომრჩევლებს. განსაკუთრებით პრობლემურია ძალადობა, რომელიც თან ახლდა ამ არჩევნებს. ის ყველაფერი, რაც მოხდა 5 ივლისის შემდეგ, არის პრობლემური. მაგრამ იმედი მაქვს, ამ არჩევნებზე იქნება სხვა საკითხებიც და იმედია, ეს არჩევნები მოიტანს ან შექმნის ბალანსს, რადგან ეს არის, რაც საქართველოს რეალურად სჭირდება“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ.