ევროპარლამენტარები ალექსეი ნავალნის შესაძლო მოწამვლის გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ
ევროპარლამენტარები ალექსეი ნავალნის შესაძლო მოწამვლის გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ

ევროპარლამენტარები რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შესაძლო მოწამვლის გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ. ამის შესახებ ნათქვამია გერმანელი ევროპარლამენტარის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკკალისტერისა და ლიეტუველი ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაში.

„ნავალნის შემთხვევა რუსეთის პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ ძალადობის პირველი აქტი არ ყოფილა და ეს მოხდა რუსეთში ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი რეპრესიებისა და განსხვავებული აზრის დევნის დროს. ეს საქმე, სამწუხაროდ, უკანასკნელიც არ აღმოჩნდა, რადგან კიდევ ერთი წამყვანი რუსი ბლოგერი ეგორ ჟუკოვი, 30 აგვისტოს სასტიკად სცემეს, საკუთარ სახლთან მოსკოვში“, – ნათქვამია ევროდეპუტატების განცხადებაში.

განცხადების ავტორების შეფასებით, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ნავალნის შემთხვევა ჰგავს ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის, ალექსანდრ ლიტვინენკოს, ანა პოლიტკოვსკაიას და პიოტრ ვერზილოვის მოწამვლას.

ევროპარლამენტარები რუსეთს მოუწოდებენ, პასუხისმგებლობით მოეკიდოს ნავალნის საქმის გამოძიებას და დამნაშავეები დასაჯოს.

შეგახსენებთ, რომ ალექსი ნავალნი 20 აგვისტოს შეუძლოდ გახდა. თავდაპირველად ის ომსკში, შემდეგ კი სპეცრესით ბერლინში გადაიყავნეს. ნავალნი კომაში იმყოფება. გერმანელი ექიმები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციონერი მოწამლულია.