კოვიდ 19-ის პანდემიის გამო შეჩერებული ევროპალიგის გათამაშება ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, ოთხი შეხვედრით დაბრუნა. 1/8 ფინალური მატჩები ევროპის ოთხ ქალაქში გაიმართა. მათგან სამი დაპირისპირება საპასუხო მატჩები იყო, ხოლო ერთი – მილანის „ინტერსა“ და ესპანურ „ხეტაფეს“ შორის ნეიტრალურ მოედანზე ერთმატჩიანი გახლდათ.
დონეცკის შახტარმა, რომლის ღირსებას დავით ხოჭოლავა იცავს, გერმანული „ვოლფსბურგი“ პირველ შეხვედრაში სტუმრად 2:1 დაამარცხა. დონეცკელებმა 1/8 ფინალის მეორე მატჩშიც კარგად იასპარეზეს და ანგარიშით 3:0 მოუგეს გერმანელებს. უკრაინული კლუბი შემდეგ ეტაპზე აინტრახტი/ბაზელის წყვილიდან გასულ გუნდს შეხვდება.
„კოპენჰაგენმა“ თურქეთის ჩემპიონი „ბაშაქშეჰირი“ მიიღო, რომელთანაც პირველ მატჩში სტუმრად 0:1 დამარცხდა. ამჯერად, დანიელები უკეთესად გამოიყურებოდნენ და თურქები ანგარიშით 3:0 გაანადგურეს. „კოპენჰაგენი“ 1/4 ფინალში „მანჩესტერს“ შეხვდება, რომელმაც ავსტრიული „ლასკი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ინგლისელებს ავსტრიელები პირველ მატჩშიც 5:0 ყავდათ დამარცხებული.
იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი „ინტერი“ ნეიტრალურ მოედანზე „ხეტაფეს“ შეხვდა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მილანელები 1/4 ფინალში რეინჯერსი/ლევერკუზენიდან გასულ კლუბს შეხვდებიან.
დღეს ევროპალიგაზე კიდევ ოთხი შეხვედრა გაიმართება: ლევერკუზენი – რეინჯერსი (3:1) სევილია – რომა (დუისბურგი, ერთმატჩიანი) ბაზელი – აინტრახტი (3:0) ვულვზი – ოლიმპიაკოსი (1:1) ევროპალიგა ¼-ფინალური ეტაპიდან “რვათა ფინალის” ფორმატში, გერმანიაში გაიმართება. მინი-ტურნირს ქვეყნის ოთხი ქალაქი: გელზენკირხენი, დიუსელდორფი, დუისბურგი და კიოლნი მიიღებს. ¼-ფინალური მატჩები 10 და 11 აგვისტოს გაიმართება, ½-ფინალური – 16 და 17 აგვისტოს, ხოლო ფინალურ შეხვედრას 21 აგვისტოს კიოლნი უმასპინძლებს.