„ევრონიუსის“ ცნობით, კლიმატის ცვლილების ფონზე, ევროპის სანაპიროებზე პათოგენური ბაქტერიების გამრავლების რისკი იზრდება

16:31, 24.06.2026

ზაფხულის დაწყებასთან ერთად, მილიონობით ტურისტი ზღვისპირა დასვენებისთვის ემზადება, თუმცა წელს ტურისტულ სეზონს საფრთხე შეუქმნა ზღვაში გავრცელებულმა ბაქტერიამ, რის გამოც ესპანეთში რამდენიმე პლაჟი უკვე დაიხურა. ამის შესახებ ნათქვამია „ევრონიუსის“ სტატიაში.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში ევროპის სხვადასხვა სანაპირო ზოლზე დაფიქსირდა დაბინძურების შემთხვევები და გამოცხადდა სანიტარული გაფრთხილებები. მიზეზად მეცნიერები ზღვის წყლის ტემპერატურის ზრდასა და მზარდ ტურიზმს ასახელებენ.

„ევრონიუსის“ ცნობით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს Vibrio ბაქტერია, რომელსაც ხშირად „ხორცისმჭამელ ბაქტერიას“ უწოდებენ. ეს მიკროორგანიზმი არსებობს ზღვასა და მლაშე წყლებში, განსაკუთრებით იქ, სადაც მდინარეები ზღვას უერთდება.

ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს ინფორმაციით, Vibrio ბაქტერიის ზოგიერთი შტამი იწვევს როგორც კუჭ-ნაწლავის ინფექციებს, ასევე მძიმე და ზოგჯერ სასიკვდილო დაავადებებს. ინფიცირება შესაძლებელია უმი ან არასაკმარისად თერმულად დამუშავებული ზღვის პროდუქტების მიღებისას, ასევე ღია ჭრილობაზე ზღვის წყლის მოხვედრისას.

ექსპერტების განმარტებით, მძიმე შემთხვევებში ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ნეკროზული ფასციიტი, დაავადება, რომლის დროსაც ჭრილობის გარშემო ქსოვილები სწრაფად ნადგურდება. ბაქტერია ასევე შეიძლება სისხლში მოხვდეს და სეფსისი განვითარდეს.

ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უკვე გააფრთხილა მოსახლეობა, რომ 2026 წლის ზაფხულში, სიცხის პერიოდში Vibrio-ს ინფექციების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. ყველაზე მაღალი რისკის ზონებად ითვლება არაღრმა სანაპირო წყლები, მდინარის შესართავები, ლაგუნები და დაბალი მარილიანობის წყლები.

ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბოლო ანგარიშის თანახმად, კლიმატის ცვლილების გამო, Vibrio-ს გავრცელება როგორც ევროპაში, ისე მთელ მსოფლიოში გაიზრდება, განსაკუთრებით დაბალი მარილიანობის წყლებში.

„ევრონიუსთან“ საუბარში ექსპერტები აცხადებენ, რომ კლიმატის ცვლილების გამო, წყლის ტემპერატურის მატება, ასევე დაბინძურება და სანაპირო ზონებში მარილიანობის შემცირება იდეალურ პირობებს ქმნის პათოგენური ბაქტერიების გამრავლებისთვის.

მსგავსი