„ევრონიუსი“ საქართველოს ტელესივრცეში მაუწყებლობას იწყებს
„ევრონიუსი“ საქართველოს ტელესივრცეში მაუწყებლობას იწყებს

„ევრონიუსი საქართველოს ტელესივრცეში დაიწყებს მაუწყებლობას. ამ მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საერთაშორისო საინფორმაციო არხსა და კომპანია „სილქნეტს” შორის გაფორმდა.

ქართულ ენაზე, ევრონიუსის ინფორმაციასთან ერთად, „ევრონიუს საქართველოს“ მაუწყებლობის 20 პროცენტი საქართველოს ამბებს დაეთმობა. „ევრონიუს საქართველო“ ახალი ქართულენოვანი საინფორმაციო არხი და ციფრული პლატფორმა იქნება.

მემორანდუმს ხელი „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილმა და ევრონიუსის აღმასრულებელმა დირექტორმა მიშელ პეტერსმა მოაწერეს.

კომპანიის ინფორმაციით, „ევრონიუსსა“ და „სილქნეტს“ შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის თანახმად, „სილქნეტს“ შეემატება „ევრონიუს საქართველო“, ახალი მედია, რომელიც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის პრინციპებით ხელმძღვანელობს და ასოცირდება „ევრონიუსის ბრენდის“ მაღალ ცნობადობასა და რეპუტაცასთან. თავის მხრივ, „ევრონიუსი“ უზრუნველყოფს სარედაქციო პოლიტიკის მკაცრ მიუკერძოებლობას, თავად დანიშნავს ახლად შექმნილი არხის მთავარ რედაქტორს და დააკომპლექტებს და გააკონტროლებს სარედაქციო საბჭოს. სარედაქციო საბჭო განსაზღვრავს სტრატეგიულ სარედაქციო მიმართულებებს და დაადგენს სარედაქციო პოლიტიკის და დაბალანსებული მაუწყებლობის წესებს.

ევრონიუს საქართველო“ მოახდენს ევრონიუსის კონტენტის ტრანსლირებას ადგილობრივი, ქართული მედიაკონტენტის პარალელურად. კერძოდ, „ევრონიუს საქართველო“ გამოიყენებს „ევრონიუსის“ ევროპული რედაქციის მიერ შექმნილ კონტენტს. ამასთან, „ევრონიუსი“ გამოიყენებს თავისი ქართული ფრენჩაიზინგის მიერ დამზადებულ კონტენტს, რომელიც მედიის მხრიდან მზარდი დაინტერესების რეგიონში შეიქმნება.

„გასულ კვირას „ევრონიუს სერბეთის“ და რამდენიმე თვის წინ „ევრონიუს ალბანეთის“ დაარსების კვალდაკვალ, მოხარული ვართ, განვაცხადოთ სილქნეტთან „ევრონიუს საქართველოს“ დაფუძნების თაობაზე ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ხელმოწერის შესახებ. „ევრონიუსში“ ჩვენ 100 პროცენტიანი პასუხისმგებლობით უზრუნველვყოფთ მიუკერძოებელი ინფორმაციის გავრცელებას. „ევრონიუსი“ დაარსდა 1993 წელს და დაარსების დღიდან სარგებლობს დამოუკიდებელი მედიის აღიარებით. მოუთმენლად ველით „სილქნეტთან“ ჩვენი თანამშრომლობის განვითარებას, რომ წარმოვადგინოთ ახალი მაღალი ხარისხის მედია, რომელიც საქართველოს მაყურებელს მიაწვდის საერთაშორისო ახალ ამბებს ადგილობრივ სიახლეებთან ერთად“, – განაცხადა „ევრონიუსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ პიტერსმა.

„სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილის განცხადებით, „ევრონიუს საქართველოს“ იქნება დამოუკიდებელი საინფორმაციო არხი, რომელიც მაუწყებლობას ქართულ ენაზე წარმართავს.

„ევრონიუსთან“ პარტნიორობა ჩვენთვის დიდი პატივია, მაგრამ ასევე დიდი პასუხისმგებლობაც. ეს პროექტი ემსახურება ევროპასა და საქართველოს შორის საინფორმაციო ხიდის აშენებას. „ევრონიუსის“ პრინციპია გააჟღეროს ყველა თვალსაზრისი, ყველა ხმა – All Views, All Voices, All Welcome – რაც, ჩვენი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრირების გზაზე“, – განაცხადა „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილმა.