„ევრონიუსი“ – საფრანგეთში მოსწავლეები ლიცეუმებს ბლოკავენ და პოლიციასთან შეტაკებებში მონაწილეობენ, რამდენიმე ქალაქში მოზარდებმა ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს

17:47, 29.09.2026

საფრანგეთში მოსწავლეები ლიცეუმებს ბლოკავენ და პოლიციასთან შეტაკებებში მონაწილეობენ. ამის ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

მედიის ცნობით, საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში მოზარდებმა ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს, ნაწილი სამართალდამცველებს ბოთლებს, ქვებსა და სხვა საგნებს ესროდა. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

პროტესტში მონაწილე მოსწავლეები სასწავლო პირობების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მათი მოთხოვნებია სასწავლო ცხრილის შეცვლა, კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება, მასწავლებელთა დეფიციტის პრობლემის მოგვარება და ბოლო პერიოდში ძლიერი სიცხის გამო საკლასო ოთახებში პირობების გაუმჯობესება.

საფრანგეთის განათლების სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ ილ-დე-ფრანსის რეგიონში მოსწავლეებმა დაახლოებით ათი ლიცეუმი დაბლოკეს. საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა პარიზში, ლილში, ნანტში, მარსელში, ბორდოსა და ლიონში. ლილში ნიღბიანი მოსწავლეები ლიცეუმის მიმდებარედ ნაგვის ურნებს ცეცხლს უკიდებდნენ. ასევე დაზიანდა ავტობუსის გაჩერებები და სარეკლამო ბანერები.

ნანტში ათობით ნაგვის ურნით გადაკეტეს ლიცეუმ „გაბრიელ გისტოს“ შესასვლელი, პარიზში კი ლიცეუმ „არაგოს“ მიმდებარედ დაახლოებით 30 მოსწავლესა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პარიზში, ლიცეუმ „ლამარტენის“ მიმდებარედ, დაახლოებით 80 მოსწავლე შეიკრიბა.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ მოსწავლეების აქციების დროს ძალადობას გამართლება არ აქვს. მან დემონსტრაციების გაფართოების მოწოდებას „უპასუხისმგებლობა“ უწოდა. ამგვარად ლეკორნუმ გააკრიტიკა ულტრამემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“, რომელიც მოსწავლეების საპროტესტო მოძრაობის გაფართოების მოწოდებით გამოვიდა.

თავის მხრივ, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბლოკადა არ შეიძლება, ჩაითვალოს „ჩვეულებრივ, ტიპურ საპროტესტო აქციად“.

მსგავსი