„ევრონიუსი“ – ირანში 2026 წლის იანვრიდან მოყოლებული, სულ მცირე, 900 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ირანში 2026 წლის იანვრიდან მოყოლებული, სულ მცირე, 900 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ვაშინგტონში დაფუძნებულ ადამიანის უფლებადამცველ ჯგუფ „აბდორჰმან ბორუმანდის ცენტრზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2026 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში სიკვდილით დასჯის 901 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 56 ადამიანი პოლიტიკური ან ეროვნული უსაფრთხოების ბრალდებით, 98 კი ეთნიკური უმცირესობების წევრი იყო.
„აბდორჰმან ბორუმანდის ცენტრის“ინფორმაციით, სიკვდილით დასჯილებს შორის 29 ადამიანი, საზოგადოებრივი პროტესტის დროს იყო დაკავებული, 13 პირი ჯაშუშობაში იყო ბრალდებული, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების გამო სიკვდილით დასჯა სულ მცირე 268 ადამიანს მიუსაჯეს.
რაც შეეხება ეთნიკურ კატეგორიზაციას, სიკვდილით დაისაჯა 40 ბელუჯი, 29 ქურთი, 21 ავღანელი, ექვსი არაბი, ერთი თურქი და ერთი თურქმენი.
ანგარიშში ასევე აღწერილია 16 ქალის და ორი ადამიანის სიკვდილით დასჯა, რომლებიც სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროს 18 წლამდე ასაკის იყვნენ. ამასთან, ხუთი სიკვდილით დასჯა საჯაროდ განხორციელდა.
„ევროიუსი“ წერს, რომ გაერო-მ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ირანში სიკვდილით დასჯის გამოყენებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ნარკოდანაშაულებთან, ეროვნული უსაფრთხოების ბრალდებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ შემთხვევებში.