„ევრონიუსი“ – ირანის პარლამენტში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის იმპიჩმენტს ითხოვენ

16:05, 07.10.2026

ირანის პარლამენტში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის, იმპიჩმენტს ითხოვენ, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს. რამდენიმე ირანელი დეპუტატების თქმით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის ნებართვისა და უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან შეთანხმების გარეშე შედგა.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ამ მიზეზით არაღჩის იმპიჩმენტის მოთხოვნა პარლამენტის სისტემაში დარეგისტრირდა, თუმცა ის ჯერ არ გადაეცა პრეზიდიუმს და დღის წესრიგში არ შეუტანიათ.

ცნობისთვის, არაღჩისა და უიტკოფის შეხვედრა კატარის შუამავლობით სექტემბრის ბოლო გაიმართა და ძირითადად ჰორმუზის სრუტის გახსნის პირობებს შეეხებოდა. ეს საკითხი თეირანსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებებში ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად რჩება. ნიუ-იორკში გამართული მოლაპარაკებებისას არაყჩიმ თეირანის პირობები წარმოადგინა. მათ შორის იყო შეერთებული შტატების საზღვაო ბლოკადის დაუყოვნებლივ მოხსნა, გაყინული ირანული აქტივების დაუყოვნებლივ გადაცემა და ყველა ფრონტზე ომის დასრულება. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს წინადადება უარყო.

არაღჩის იმპიჩმენტის მხარდამჭერი დეპუტატები ასევე ამტკიცებენ, რომ  არაღჩი „მიზანმიმართული ინტერვიუების საშუალებით არაერთხელ ეხმარებოდა შეერთებულ შტატებს ნავთობის ფასების შემცირებაში“. მათივე თქმით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ში მოლაპარაკებების დროს „წითელი ხაზები გადაკვეთა“, პოლიტიკური ვითარების შეფასებისას „სერიოზული შეცდომები დაუშვა“ და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების საკითხი „არასწორად წარმართა“.

ამასთან როგორც „ევრონიუსი“ წერს, ირანის უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი მოჰსენ რეზაეი პოზიციის მქონე დეპუტატების ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, მოლაპარაკებების გამართვისთვის არაღჩის ირანის უმაღლესი ხელისუფლებისგან წინასწარი თანხმობა ჰქონდა მიღებული.

მსგავსი