„ევრონიუსი“ – ევროპაში ინფლაცია და ენერგორესურსების გაძვირება ეკონომიკურ ზეწოლას აძლიერებს, ევროზონაში ფასები 3,8%-ით გაიზარდა

14:07, 19.10.2026

„ევრონიუსის“ ცნობით, ევროპაში ინფლაციისა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე ეკონომიკური მდგომარეობა რთულდება, იზრდება საცხოვრებლის, სურსათისა და კომუნალური მომსახურების ხარჯები, რაც მილიონობით ევროპელი ოჯახის მსყიდველუნარიანობაზე უარყოფითად აისახება.

„ევროსტატის“ მონაცემებით, სექტემბერში ევროზონაში წლიურმა ინფლაციამ 3,8 პროცენტს მიაღწია, რაც ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ ორპროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება. ამავე პერიოდში ენერგორესურსების ფასები წლიურ ჭრილში 18,8 პროცენტით გაიზარდა.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, ფასების ზრდა ევროკავშირის ეკონომიკის თითქმის ყველა ძირითად სექტორს შეეხო. ევროპის ცენტრალური ბანკის კვლევის თანახმად, ევროკავშირის მომხმარებელთა 35 პროცენტი შეშფოთებულია იმით, შეძლებს თუ ვერა სურსათის შეძენას. გამოკითხულთა 74 პროცენტმა კი შენიშნა, რომ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების შეფუთვა ან მოცულობა მცირდება, თუმცა მათი ფასი უცვლელი რჩება.

ამასთან, „ევრონიუსი“ აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ენერგეტიკისა და საბინაო სექტორებში. ელექტროენერგიისა და გათბობის ხარჯების ზრდის გამო მილიონობით ევროპელს საცხოვრებლის სათანადოდ გათბობა უჭირს. ამავდროულად, სამშენებლო ხარჯების მატება და საცხოვრებელი ფართების დეფიციტი უძრავი ქონებისა და ქირის ფასების ზრდას განაპირობებს. მაგალითად, პორტუგალიაში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები ერთი წლის განმავლობაში 16,5 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკური ზეწოლა განათლების სექტორზეც აისახება. სკოლებს საოპერაციო ხარჯები ეზრდებათ, ხოლო ოჯახებს დამატებითი თანხების გამოყოფა უწევთ სახელმძღვანელოების, ტრანსპორტისა და სასწავლო ნივთებისთვის. ამასთან, ევროკავშირის სახელმწიფო ხარჯებში განათლების წილი 2019 წლის 10 პროცენტიდან 2024 წელს 9,7 პროცენტამდე შემცირდა.

„ევრონიუსის“ ცნობით, ევროკომისია ფასების ზრდის შედეგების შესამსუბუქებლად რამდენიმე ინიციატივას ახორციელებს. მათ შორისაა ხელმისაწვდომი ენერგიის სამოქმედო გეგმა, მოქალაქეთა ენერგეტიკული პაკეტი და 86,7 მილიარდი ევროს მოცულობის სოციალური კლიმატის ფონდი, რომლის მიზანია ენერგეტიკული ხარჯების შემცირება და მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერა.

ევროკომისიამ ასევე წარადგინა ევროპაში ხელმისაწვდომი საცხოვრებლის უზრუნველყოფის გეგმა, სექტემბერში კი – ხელმისაწვდომი საცხოვრებლის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის პირველი სტრატეგია. თუმცა, როგორც „ევრონიუსი“ აღნიშნავს,  ევროკავშირის მიერ შემუშავებული ღონისძიებების მნიშვნელოვანი ნაწილი გრძელვადიან რეფორმებზეა ორიენტირებული, მაშინ როდესაც ენერგორესურსების, სურსათისა და საცხოვრებლის გაძვირება ევროპელ მომხმარებლებზე უკვე ახდენს გავლენას.

„ევრონიუსი“ წერს, რომ არსებული ვითარება აჩენს კითხვებს, რამდენად საკმარისია ბრიუსელის მიერ დაგეგმილი ზომები ინფლაციის შედეგების შესამსუბუქებლად და როგორ უნდა გადანაწილდეს პასუხისმგებლობა ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრი ქვეყნების ეროვნულ მთავრობებს შორის.

მსგავსი