„ევრონიუსი“ – ევროკავშირი სეუტას კრიზისის შემდეგ მაროკოში მიგრაციის მართვის დაფინანსებას გაზრდის

00:13, 21.08.2026

ევროკავშირი სეუტას კრიზისის შემდეგ მაროკოში მიგრაციის მართვის დაფინანსებას გაზრდის. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევროკავშირი წლის ბოლომდე მაროკოსთან სტრატეგიული და ყოვლისმომცველი პარტნიორობის შეთანხმებას დაასრულებს, მსგავსად იმისა, რაც ევროკომისიამ 2024 წელს ეგვიპტესთან დადო და და ქვეყანას 7.4 მილიარდი ევროს ფინანსური და საინვესტიციო პაკეტი გამოუყო ეკონომიკის გასაძლიერებლად, მიგრაციის მართვისა და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

გამოცემა წერს, რომ მაროკოსთან მსგავსი ტიპის შეთანხმება წლების განმავლობაში იქმნებოდა, მაგრამ ის 2026 წლის იანვარში შეჩერდა, რადგან მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. როგორც მედიისთვის ცნობილი გახდა, ქვეყნებს შორის უთანხმოება დასავლეთ საჰარის საკითხზე გაჩნდა, რომელზე პრეტენზიასაც მაროკო აცხადებს.

„მიგრაცია ძალიან სპეციფიკურ გამოწვევას წარმოადგენს ევროკავშირისა და მაროკოს ორმხრივ ურთიერთობებში, რადგან ევროპის გარეთ ევროკავშირთან მხოლოდ ერთი სახმელეთო საზღვარია, მაროკოსა და ესპანეთს შორის“, – განუცხადა „ევრონიუსს“ ევროპარლამენტარმა, ხუან ფერნანდო ლოპეს აგილარმა.

„ევრონიუსის“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების დეტალები ჯერ კიდევ დაზუსტების პროცესშია, ევროკავშირის მხარდაჭერა მეზობელ ქვეყნებში მიგრაციის მართვისთვის, როგორც წესი, ორ კატეგორიად იყოფა: სასაზღვრო ხელისუფლების მხარდაჭერა, მათ შორის ტრენინგი, მეთვალყურეობა და პატრულირების აღჭურვილობა; და მიმღები შესაძლებლობები, მათ შორის ლტოლვილთა ბანაკების შექმნა.

ცნობისთვის, აგვისტოს დასაწყისში ათიათასობით მიგრანტმა მაროკოს ტერიტორიიდან ესპანეთის ანკლავ სეუტაში შეაღწია. ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით, ქალაქში უკანონოდ დაახლოებით, 60 ათასი ადამიანი შევიდა. სეუტაში განვითარებული მიგრაციული კრიზისის შედეგად, 100 ადამიანი დაიღუპა.

ესპანეთის მთავრობის ინფორმაციით, მიგრანტების უმრავლესობა რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში მაროკოში დაბრუნდა. ამჟამად სეუტაში დაახლოებით 5 000 მიგრანტი იმყოფება.

მსგავსი