„ევრონიუსი“ – ევროკავშირი სერბეთს აფრთხილებს, რომ რადკო მლადიჩის დაკრძალვის გეგმა ევროკავშირში წევრობის გზაზე ბელგრადისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება
ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მაღალჩინოსნმა რადკო მლადიჩის დაკრძალვის გეგმასთან დაკავშირებით სერბეთი გააფრთხილა, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ იტყობინება.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ამან, შესაძლოა, ბელგრადის ევროკავშირში გაწევრებაზე გავლენა მოახდინოს.
დუბლინში ჟურნალისტებთან საუბრისას მარტა კოსმა განაცხადა, რომ სერბეთისთვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გამოცდა იქნება ის, თუ როგორ მოაწყობს ბელგრადი მლადიჩის დაკრძალვას.
„ახლა სერბეთში ბევრი მოვლენა ვითარდება და ამ ყველაფერმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ შეაფასებენ სერბეთს წევრი სახელმწიფოები“, – განაცხადა კოსმა.
მისივე თქმით, მლადიჩის დაკრძალვის საკითხი განიხილება იმ კონტექსტში, რამდენად შეესაბამება ბელგრადის მოქმედებები ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, რაც ბლოკში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
ამ საკითხზე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენელმაც ისაუბრა. მათი განცხადებით, სამხედრო დამნაშავისთვის სახელმწიფო დაკრძალვის მოწყობა ბელგრადის მხრიდან მიუღებელი ნაბიჯი იქნება.
„ეს არის ნაბიჯი, რომელიც სერბეთს ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს – ადამიანის ღირსების პატივისცემას, ადამიანის უფლებებსა და დაუსჯელობასთან ბრძოლას აშორებს და ის კანდიდატი ქვეყნისთვის მოსალოდნელი საპირისპირო მიმართულებით მიდის“, – განაცხადა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ პრევომ.
როგორც ირლანდიის ევროპულ საქმეთა და თავდაცვის მინისტრმა, თომას ბირნმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მლადიჩის სახელმწიფო დაკრძალვა არ გაიმართება, სავსებით შესაძლებელია, მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა ამ ადამიანის ხსოვნას პატივი მიაგონ, რაც მიუღებელია.
მიმდინარე კვირის დასაწყისში ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა სერბეთი გააფრთხილა, რომ მსჯავრდებული სამხედრო დამნაშავისთვის უმაღლესი პატივის მიგება „ევროკავშირის კარის საკუთარი ხელით დაკეტვის ტოლფასი“ იქნება.
ევროკავშირის ორმა მაღალჩინოსანმა „ევრონიუსს“ განუცხადა, რომ მლადიჩის დაკრძალვასთან დაკავშირებულმა გეგმებმა ევროკავშირის ხელმძღვანელობაში შეშფოთება გამოიწვია. ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანებას ბლოკის სტრატეგიულ პრიორიტეტად განიხილავს.
წყაროების ცნობით, მლადიჩის სახელმწიფო დაკრძალვა ან სერბი ოფიციალური პირების მხრიდან მის მიმართ პატივისცემის ნებისმიერი გამოხატულება აუცილებლად შეასუსტებს სერბეთის მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
„ყველა, ვინც სერბეთისთვოს მესამე კლასტერის გახსნაზე ფიქრობს, კარგად დაფიქრდება. ნაკლებად სავარაუდოა, ამ ეტაპზე ვინმეს ამის დაჟინებით მოთხოვნა მოუნდეს“, – განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.
ცნობისთვის, რადკო მლადიჩი ყოფილი სამხედრო მეთაურია, რომელსაც „ბოსნიელ ყასაბად“ მოიხსენიებენ. ის ჰააგაში უვადო პატიმრობის სასჯელს იხდიდა და გასულ კვირას გარდაიცვალა. ყოფილი იუგოსლავიის არმიის გენერალი ბოსნია-ჰერცეგოვინაში 1990-იანი წლების ომის დროს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და გენოციდში დამნაშავედ ცნეს, თუმცა სერბი ნაციონალისტების ნაწილი მას გმირად მიიჩნევს.
მლადიჩის გარდაცვალების შემდეგ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ გარდაცვლილის ოჯახს მისი სერბეთში დაკრძალვა თუ სურს, ოფიციალური ბელგრადი სრულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.