ესპანური მედიის ცნობით, სეუტაში ჩასულ მიგრანტებს შორის ჯიჰადიზმში ეჭვმიტანილი პირებიც იყვნენ
ესპანური მედიის ცნობით, სეუტაში ჩასულ მიგრანტებს შორის ჯიჰადიზმში ეჭვმიტანილი პირები იყვნენ, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.
კერძოდ, „ევრონიუსი“ ესპანურ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებმა გასულ კვირას სეუტაში მასობრივად შესულ მიგრანტებს შორის რამდენიმე პირი გამოავლინეს, რომლებიც წარსულში ჯიჰადიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებში იყვნენ ეჭვმიტანილი.
ესპანური გამოცემები, რომლებიც გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროებს ეყრდნობიან, იუწყებიან, რომ ესპანეთის ეროვნული პოლიციის ინფორმაციის გენერალური კომისარიატის და სამოქალაქო გვარდიის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გააანალიზეს და, სულ მცირე, ათი ადამიანი ამოიცნეს. მათი ცნობით, ეს პირები წარსულში ჯიჰადისტურ ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის იყვნენ დაკავებული, რის შემდეგაც მათი მაროკოში დეპორტაცია განხორციელდა.
„ევრონიუსმა“ კომენტარისთვის მიმართა ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეროვნულ პოლიციასა და სამოქალაქო გვარდიას, თუმცა პასუხი არ მიუღია.
ცნობისთვის, მსგავსი შემთხვევა 2021 წლის მაისშიც მოხდა, როდესაც ათასობით მიგრანტი სეუტაში შევიდა. მაშინ ესპანეთის მთავრობამ მედიაში გავრცელებული ცნობები, თითქოს მიგრანტებს შორის ჯიჰადისტებიც იყვნენ, უარყო და მათ „ბოროტი განზრახვით გავრცელებული ყალბი ინფორმაცია“ უწოდა.
ამ დროისთვის არც ესპანეთის მთავრობას და არც ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს მედიის მიერ გავრცელებულ ახალ ცნობებზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებიათ.