„ევრონიუსი“ - ესპანეთი-კოსოვოს საფეხბურთო მატჩი ჩატარდება, პრობლემა მოგვარებულია #1TVSPORT
„ევრონიუსი“ - ესპანეთი-კოსოვოს საფეხბურთო მატჩი ჩატარდება, პრობლემა მოგვარებულია #1TVSPORT

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის „ბ“ ჯგუფის შესარჩევი მატჩი ესპანეთსა და კოსოვოს შორის, რომელიც 31 მარტს სევილიაში გაიმართება, მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ Twitter-ზე კოსოვო მოიხსენია, როგორც „კოსოვოს ტერიტორია“.

ესპანეთი ერთ-ერთია ევროკავშირის ხუთი ქვეყნიდან, რომელმიც არ ცნობს სერბეთის ყოფილ პროვინციას, რომელმაც 2008 წელს დამოუკიდებლობა ცალმხრივად გამოაცხადა. ესპანელთა განცახდებით, 31 მარტს სტადიონზე კოსოვოს დროშა არ აღიმართება და ქვეყანა წარმოდგენილი იქნება, როგორც „ტერიტორია“.

ესპანურმა სპორტულმა გაზეთმა Marca-მ დაწერა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია კოსოვოს მატჩის თაობაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროთან მუშაობდა.

„დამტკიცებული ოქმის თანახმად, კოსოვო არ მოიხსენიება როგორც სუვერენული სახელმწიფო, არამედ მხოლოდ „ტერიტორია“. იგივე წესი შეეხება დროშას, რომელიც არ შეიძლება გამოჩნდეს ესპანეთის დროშის გვერდით, როგორც სუვერენული ქვეყნის დროშა, ხოლო კოსოვოს ჰიმნი შესრულდება, როგორც „კოსოვოს ტერიტორიის მუსიკა“ – წერს Marca.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კოსოვოელ სპორტსმენებს ესპანეთში ეროვნული სიმბოლოების წარმოჩენაში პრობლემები ექმნებათ. 2018 წლის ნოემბერში კოსოვოს კარატეს ეროვნულ გუნდს კარატეს მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული დროშის აფრიალება აეკრძალა.

2016 წელს უკრაინის ეროვნულმა ნაკრებმა უარი თქვა კოსოვოს წინააღმდეგ მის ტერიტორიაზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის ჩატარებაზე, ამიტომ შეხვედრა პოლონეთში, კრაკოვში გადაიტანეს.

როდესაც 2020 წლის დეკემბერში ჩატარდა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა, კოსოვო თავდაპირველად A ჯგუფში მოხვდა, მაგრამ B ჯგუფში გადავიდა (სადაც ესპანეთის გარდა, საქართველო, შვედეთი და საბერძნეთიც მოხვდნენ), რადგან სერბეთი უკვე A ჯგუფში იყო. უეფა-ს წესებით კი დაუშვებელია ჯგუფში ისეთი ორი ქვეყნის მოხვედრა, რომელთაც სახელმწიფოებრივ დონეზე დავა და დაპირისპირება აქვთ.

კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციამ, ესპანეთის ამ ნაბიჯს „პროვოკაცია“ უწოდა და პირობა დადო, რომ არანაირ დათმობაზე არ წავიდოდა.

„ჩვენ მხოლოდ უეფა-ს მკაცრი კრიტერიუმებით ვითამაშებთ, დროშითა და ჰიმნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მატჩი არ გაიმართება. დავუკავშირდით ესპანეთის ფედერაციას და ველოდებით მათ სწრაფ რეაგირებას“, – ნათქვამი იყო კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის განცახდებაში.

Euronews-ის ცნობით, რამდენიმედღიანი დაპირისპირების შემდეგ ესპანეთის სპორტის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარემ, ირენ ლოსანომ გააკეთა განცხადება, რომ პრობლემა მოგვარებულია.

„თამაში ნორმალურ პირობებში გაიმართება. ეს კოსოვოს პოლიტიკურ აღიარებას არ ნიშნავს, რადგან მატჩის გამო ესპანეთის პოზიცია არ შეიცვლება. სპორტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირსება ისაა, რომ პოლიტიკური დაპირისპირებების დაძლევა ხერხდება“, – განაცხადა ლოსანომ.