„ევრონიუსი“ – ენერგეტიკის მარეგულირებელთა თანამშრომლობის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, 2026 წლის პირველ თვეებში ევროკავშირში რუსული გაზის იმპორტი გაიზარდა
2026 წლის პირველ თვეებში ევროკავშირში რუსული გაზის იმპორტი გაიზარდა, მაშინ, როდესაც ბლოკი ოფიციალურად იწყებს რუსულ ბუნებრივ აირზე უარის თქმას, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ ენერგეტიკის მარეგულირებელთა თანამშრომლობის სააგენტოს (ACER) ახალ ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში რუსული გაზის იმპორტი შემცირების ნაცვლად გაიზარდა: მილსადენით მიწოდება წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი – 11 პროცენტით.
გამოცემა წერს, რომ აკრძალვის ძალაში შესვლის შემდეგ, მარტიდან, რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტმა კიდევ უფრო დააჩქარა ტემპი და 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17 პროცენტით გაიზარდა.
სააგენტოს განმარტებით, ეს ზრდა არ ნიშნავს სანქციების არაეფექტურობას. როგორც „ევრონიუსი“ წერს, კომპანიები სავარაუდოდ ცდილობენ, უფრო მკაცრი შეზღუდვების ძალაში შესვლამდე, არსებული კონტრაქტების ფარგლებში მიწოდებები დააჩქარონ.
ანგარიშის მიხედვით, რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირი ევროკავშირში ძირითადად ესპანეთის, საფრანგეთის, ბელგიისა და ნიდერლანდების გავლით შედის, ხოლო მილსადენით მიწოდება კი, უნგრეთში, სლოვაკეთსა და საბერძნეთში ხორციელდება. გამოცემის ინფორმაციით, სწორედ ამ ქვეყნებს უწევთ ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ყოფნა, რადგან 2027 წლამდე ალტერნატიული მიწოდების წყაროები უნდა უზრუნველყონ.
ენერგეტიკის მარეგულირებელთა თანამშრომლობის სააგენტოს შეფასებით, 2024 წელს უნგრეთმა და სლოვაკეთმა გაზის დაახლოებით 70–80 პროცენტი რუსეთიდან მიიღეს, ხოლო საბერძნეთის გაზის იმპორტში რუსული წილი დაახლოებით 50–55 პროცენტს შეადგენდა.
სააგენტოს დასკვნით, ევროპა ბაზრის დივერსიფიკაციის წყალობით 2022 წლის ენერგეტიკულ კრიზისზე გაცილებით უკეთ არის მომზადებული. თუმცა, ეს დივერსიფიკაცია ახალ დამოკიდებულებებსაც ქმნის, განსაკუთრებით აშშ-ზე, ალჟირსა და კატარზე, რომელმაც ირანთან ომის გამო წარმოება შეამცირა.
ენერგეტიკის მარეგულირებელთა თანამშრომლობის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ რუსულ გაზზე უარის თქმის რეალური ეკონომიკური შედეგები ჯერ არ გამოჩენილა. მათ 2027 წლის იანვარში ელოდებიან, როდესაც რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირი სრულად აიკრძალება, ხოლო სექტემბერში მილსადენით მიწოდებაც შეწყდება.